LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმებს უნდა შეუჩერდეთ ლიცენზია და წავიდნენ სახლში” – 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს

951
Untitled

2 დღის წინ ბათუმში გარდაცვილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართეს.ისინი ითხოვენ, რომ შეუჩერდეს ლიცენზია იმ ექიმს, რომელსაც ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.

მათი განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და აქციაების გაგრძელებას აანონსებენ.

„ექიმებს უნდა შეუჩერდეთ ლიცენზია და წავიდნენ სახლში, მათ ფაქტობრივად მოგვიკლეს ახალგაზრდა გოგო. გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა იყოს უკანასკნელი“, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.

ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონა რამდენიმე დღის წინ მუცლის ტკივილით რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში, დიაგნოზის გარეშე გაწერეს.მათივე ინფორმაციით, ტკივილის განმეორების შემდეგ 28 წლის გოგომ უკვე კლინიკა “მედცენტრს” მიმართა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ვინაიდან განვითარებული იყო სეფსისი.

​გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ. პროტესტის ნიშნად ახლობლები აპირებენ, მიცვალებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები