LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექთნების საგანგაშო შრომითი პირობები სახელმწიფოსგან საგანგებო პასუხებს საჭიროებს” – NGO-ების განცხადება

66
Untitled design

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ხარვეზებზე საუბრობენ.

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციების ინფორმაციით:

❗️ საქართველოში ექთნების საშუალო ხელფასი 250 ლარიდან 508 ლარის ფარგლებში მერყეობს;

❗️ პანდემიის რეჟიმში კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა 76-92 საათამდე გაიზარდა;

❗️ სამედიცინო დაწესებულებებში გავრცელებული პრაქტიკაა პერსონალისთვის ხელფასების რამოდენიმე თვის დაგვიანებით ან ნაწილობრივ ჩარიცხვა, რაც ხელფასის მოპარვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს;

❗️ პანდემიის რეჟიმიდან გამომდინარე ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობის პროპორციულად, ექთნებს შეუმცირდათ ცვლებს შორის დასვენების დრო და ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ კუთვნილი შესვენების დროით;

❗️ არსებული უმძიმესი შრომითი პირობების ფონზე, სამედიცინო დაწესებულებები ხელს უშლიან სამუშაო ადგილზე პროფესიული კავშირების საქმიანობას.

ამ მიმართვით ორგანიზაციები ეხმიანებიან შრომის სამინისტროს ინიციატივას – შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მიესალმებიან აღნიშნულ ნაბიჯს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.

“კოვიდ-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. პანდემიურ მოცემულობაში ისინი დაუცველები აღმოჩდნენ.

“პროფკავშირების ახალი გაერთაინების” მონაცმებით, სამუშაო მოვალეობის შესრულებისას კოვიდ-ინფექციით გარდაიცვალა 23 ექთანი, დასახელებული რიცხვი, მხოლოდ მათ ბაზაზე არსებულ მონაცემებს ასახავს. სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, რომლებიც წლების მანძილზე ორიენტირებული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურების საჯარო სიკეთიდან ბიზნესის მოგების ლოგიკაზე გადაყვანაზე, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა საკადრო და შრომის პოლიტიკაში.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში საუბარია ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა:

◼ არანორმირებული სამუშაო რეჟიმი;

◼ არასათანადო ანაზღაურება;

◼ პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელშეშლა;

◼ ზეგანაკვეთური შრომა და გადატვირთული სამუშაო რეჟიმი;

◼ მოპარული ხელფასი.

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების მჩაგვრელი შრომითი პირობების აღმოსაფხვრელად მოითხოვენ:

◾ სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზურნველყოფს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას;

◾ სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში;

◾ დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხდეს მათი კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შევებულებით სარგებლობის შესაძლებლობა;

◾ სახელმწიფომ განისაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა;

◾ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეწყვიტოს მშრომელების პროფკავშირული ნიშნით დევნა და დაშინება.

განცხადების ავტორი ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – “სოლიდარობის ქსელი”
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – “ერთობა 2013”.