LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი – ივანე მაჭავარიანი უმუშევრობის პრობლემაზე

187
1551099781

ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე, პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლის საფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.

“შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორი წარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავე დროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს აწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა ქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგად გამოვიყურებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც) არამედ ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე. ერთი მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მეორე მხრივ კი სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის. სწორედ აქ არის კვალიფიკაციისა და განათლების თემა, ამიტომ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, როგორც ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, ზოგადად, ქვეყანაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა,” – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის მოხდეს ფინანსური რესურსების გაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

“რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან – განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს,”  – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები