LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად უკეთესი გარემოსთვის! – დღეს საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

256
61YFR8mbUuL.-SL1000-

2020 წლის 5 ივნისს, ევროკავშირი აღნიშნავს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საინფორმაციო კამპანიამწვანე კვირეულისფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება.

„დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა. საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

COVID-19-მა ყველას შეუქმნა  სირთულე  და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.

გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარდაინტერესებულ პირებსჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა  იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის!“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

“გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა გარემოს დამცველებისთვის, რადგან აერთიანებს მთელ მსოფლიოს გარემოს დასაცავად!  როდესაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე, ვგულისხმობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, თუმცა წელს მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, რადგან  ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას და სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ბიორმავალფეროვნების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ყველა სექტორის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუნარჩუნოთ უნიკალური გარემო მომავალ თაობებს!”- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია.  1974 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ის აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ცნობილ ადამიანებსა და მოქალაქეებს, გადაუდებელი გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად. 2020 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის თემა ბიომრავალფეროვნებაა (https://youtu.be/Bzm1CWMwbNA) – მწვავე და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხი. დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა ფორმასა და მათ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ჩვეულებრივ, ბიომრავალფეროვნებას უწოდებენ. ბიომრავალფეროვნების შემცირება ბევრი მიზეზის გამო წარმოადგენს პრობლემას: საკვები, რომელსაც მივირთმევთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ და კლიმატი, რომელიც პლანეტაზე საარსებო პირობებს ქმნის – ეს ყველაფერი ბუნებიდან მომდინარეობს.

საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ტარდება. COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღონისძიებები მხოლოდ სოციალური და ტრადიციული (ტელევიზია და რადიო) მედია საშუალებებით ხორციელდება.

წელს, როგორც კამპანიის, ასევე გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს ბიომრავლფერობნება და მისი მნიშვნელობა გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კამპანია ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის როლს გარემოს დაცვის საკითხში. კამპანიის ფარგლებში შემუშავებულია 52 რჩევა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას თითოეულმა ადამიანმა მთელი წლის განმავლობაში გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. გარდა ამისა, კამპანია გაგაცნობთ ცალკეულ ეკო-ფაქტებს და ინფორმაციას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად. ვიდეო იხილეთ აქ https://youtu.be/ppMfF1Rm7uY

დაწვრილებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ იხილეთ: https://eu4georgia.ge/environment/ და https://www.facebook.com/europeanunioningeorgia

„მწვანე კვირეულის“ კამპანიისა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღისათვის მომზადდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის: ვებინარი ბიომრავალფეროვნების საკითხებზე,  ორი ვიდეო გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლიდანაც ერთი ეხება ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობას კაცობრიობის არსებობისთვის, ხოლო მეორე გაკვეთილი ასწავლის დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებს თუ როგორ დახატონ სხვადასხვა მცენარეები და როგორ მოუარონ მათ; ასევე მომზადდა გრაფიკული ვიდეო ინფორმაციით ბიომრავალფეროვნების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მაღალრეიტინგულ სატელევიზიო და რადიო გადაცემებში და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

„ერთად უკეთესი გარემოსთვის!“ – გაიგეთ, რა გაკეთდა უკვე და რა კეთდება საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით

გარემოს დაცვა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ერთერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ „მწვანე ეკონომიკასთან“ დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებები აიღო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში (2014 წ.) აისახა. აღნიშნული ვალდებულებები საქართველოს ევროკავშირთან გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკის „გამწვანებასა“ და ბუნებრივი კაპიტალის უკეთ მართვას. რესურსების ეფექტიანად გამოყენება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და შექმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს.

უკანასკნელ წლებში საქართველოში გახორციელდა მრავალი ინიციატივა საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით. გარდა ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული პარკების განვითარებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, „მწვანე ზრდის“ შესაძლებლობების ხელშეწყობას, ნარჩენების მართვის პრაქტიკისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გარემოსდაცვითი რისკებისა და მათი ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების უზრუნველყოფას. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებისა ისეთ დარგებში, როგორიცაა: წყალმომარაგება და წყალარინება, ნარჩენების მართვა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარება.

ყველა ეს საკითხი პოსტ-პანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

მწვანე კვირეულისღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის:

https://eu4georgia.ge/environment/

https://www.facebook.com/EuropeanUnioninGeorgia

https://www.facebook.com/eiec.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები