ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი მიზეზი „ლივერპულით“ რომ აღფრთოვანდე: 100 მლნ ფუნტის შემოსავალი სეზონში. ეს მსოფლიო რეკორდია!
2017/18 წლების სეზონი „ლივერპულისთვის“ დიდებული გამოდგა, ოღონდ არა მარტო სალაჰის ჯადოქრობის ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის გამო. როგორც აღმოჩნდა, კლუბმა უზარმაზარი შემოსავალი ნახა – 125 მილიონი ფუნტი გადასახადების გადახდამდე. სუფთა მოგება – 106 მილიონი.

აქ მნიშვნელოვანია ორი პუნქტი:

  • 2016/17 წლების სეზონთან შედარებით „ლივერპულის“ შემოსავალი 214%-ით გაიზარდა.
  • აქამდე არცერთ საფეხბურთო კლუბს არ მიუღწევია ამხელა შემოსავლისთვის. ანუ „ლივერპულმა“ დაამყარა მსოფლიო ფინანსური რეკორდი.

მანამდე პირველი იყო „ლესტერი“, რომელმაც ჯადოსნური საჩემპიონო ტიტულის მომდევნო სეზონში სუფთა 80 მლნ ფუნტი იხეირა.

 

რატომ მოხდა ასე?

პირველ რიგში – ჩემპიონთა ლიგაზე გაღწევა. იმის წინა სეზონში „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე არც ყოფილა. უკვე 2018-ის მაისში კი ლიგის ფინალს თამაშობდა და ამისთვის 81.2 მლნ ევრო მიიღო (საპრიზო + ტელეკონტრაქტის წილი).

მეორე ფაქტორი – ფეხბურთელების წარმატებული გაყიდვა. „ლივერპული“ დაემშვიდობა ფილიპე კოუტინიოს, მამადუ სახოს, ლუკას ლეივას და კევინ სტიუარტს. ტრანსფერებიდან შემოსული ფული 38-დან 124 მილიონამდე გაიზარდა.

თუ კლუბის სამ საკვანძო შემოსავალს ჩავხედავთ, ზრდა ყველგან შესამჩნევია:

  • მედიაუფლება: +66 მლნ ფუნტი, თანხა – 220 მლნ
  • კომერციული გარიგება: +17 მლნ ფუნტი, თანხა – 154 მლნ
  • მატჩის დღე: +7 მლნ ფუნტი, თანხა – 81 მლნ

 

და რას იძლევა ეს?

კლუბმა უკვე დააბანდა ფული ახალ ფეხბურთელებში და აღიარა, რომ ამაში 190 მლნ ევრო დახარჯა. გასულ ზაფხულს მივიდნენ ალისონი, ფაბინიო, ნაბი კეიტა და შაქირი.

სხვათა შორის, ბევრს არ შეუნიშნავს „ენფილდის“ ტევადობის გაზრდის ეფექტი.
2014-ის დეკემბერში „ლივერპულმა“ მთავარი ტრიბუნის რეკონსტრუქცია დაიწყო, შედეგად ტევადობა 8 ათასით გაიზარდა.

ბოლო სამი წელია მატჩდეის შემოსავალი 62.4 მლნ ფუნტიდან 81-მდე გაიზარდა.

 

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ Fenway Sports Group (მანამდე – New England Sports Ventures) „ლივერპული“ 2010-ის ოქტომბერში 300 მლნ ფუნტად იყიდა. „ფორბსის“ შეფასებით, უკვე 2018-ის ივნისში კლუბი 1.442 მილიარდი ღირდა.

FSG-ის 8-წლიანი მმართველობის პერიოდში „ლივერპულმა“ მხოლოდ ერთი ტროფეი მოიგო – 2012-ში ინგლისის ლიგის თასი, მაგრამ ახლა უკვე გუნდი სერიოზულ ამოცანებს ეჭიდება და პრემიერლიგაში გამარჯვებას უმიზნებს.

მსგავსი თემები