LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს აუცილებლად ჩამოინგრევა და ჩახერგავს გზატკეცილს – რამდენად რთულია ვითარება წყნეთის გზატკეცილზე

792
57710750_2385384311492169_6765824052532609024_o

წყნეთის გზატკეცილი შესაძლოა ჩაიხერგოს. ფოტოები, სადაც დაზიანებული მეწყერის შემაკავებელი ნაგებობა ჩანს, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ადგილზე საგანგებო ზომებია მისაღები.

“მეწყერის შემაკავებელი საინჟინრო ნაგებობა წყნეთის გზტკეცილზე კატასტროფულ მდგომარეობაშია!

95% სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ სეზონური წვიმების პერიოდში (მაისის ბოლოდან, ივნისის შუა რიცხვებამდე) აუცილებლად ჩამოინგრევა და ჩახერგავს თბილისი-წყნეთის ცენტრალურ გზატკეცილს. დაუყოვნებლივ საგანგებო ზომებია მისაღები. ფოტოზე კიდევ კარგად არ ჩანს რეალური მდგომარეობა”, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 

სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი ნამდვილად პრობლემურია. მისი თქმით, მასივი კიდევ მოძრაობაშია და შემაკავებელი სამუშაოები არ ამართლებს, მით უმეტეს ცუდი ხარისხით გაკეთებული.

„ეს კონსტრუქცია შექმნეს იმისთვის, რომ გაემაგრებინათ მეწრის რიფი. ის ადგილი, საიდანაც წამოვიდა 2015 წლის მეწყერი. საერთოდ გამაგრებითი სამუშაოები მეწყერთან დაკავშირებით, ცოტა სასაცილოა. მაშინ უნდა აშენდეს კედელი, რომელიც მეწყრის ტანზე გაცილებით უფრო დიდია. მსოფლიოს ასეთი პრაქტიკა უკვე აღარ აქვს. ამხელა მოწვეტილ ზედაპირს ვერ შეაკავებ და ვერ გაამაგრებ, გამორიცხულია. როცა არ უჯერებ არც გეოლოგს, არც გეოტექნიკოსს და საერთოდ ადამიანებს, ვინც ელემენტარული ფიზიკა იცის, ეს გემართება. როგორც ჩანს არსებული ბეტონის კონსტრუქციებიც არ არის გამართული, ანუ არ ვარგა. გამოსაკვლევია რატომ მოხდა, რომ ფაქტობრივად ერთ წელიწადში ნაგებობა ასეთ მდგომარეობაშია.

რეალურად აქ პრობლემაა. აქ არის გეოტექნიკოსის სამუშაო. ამ დარგში სპეციალისტი საქართველოში აღარც მეგულება, ვინც ამას კონკრეტულად ითვლის“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „ფორტუნასთან“.

 

“ფორტუნა” პრობლემის შესახებ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ ნაგებობა სპეციალისტების მიერაა შესწავლილი და იგი ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან მერიის ცნობით, მიმდინარეობს კედლის პროექტირების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ შემაკავებელი ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება.

“წყნეთში არსებული მწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და იგი ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. კედელი აშენდა  2015 წელს და მან 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა. ნაშალი მასის გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგ კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” მერიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები