LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჩემი სახლია და ვერაფრით ვერ ვხვდები აივანზე სხვისი სარეცხი რატომ კიდია!!

3101
janjgaaasoxumi

ნინო ჯანჟღავა სოციალურ ქსელში სოხუმში მისი კუთვნილი სახლის ფოტოს აქვეყნებს, ბავშვობას და იმ პერიოდს იხსენებს, როცა სოხუმიდან “გამოაგდეს”.

სურათი, რომელსაც ის ახლა აქვეყნებს, ახალი გადაღებულია. როგორც ჩანს, მის სახლში სხვები ცხოვრობენ.

“ეს ჩემი სახლია!

სარეცხი მე არ გამიფენია, არც დედაჩემს.

ეზოში მანქანა მამაჩემის არ არის.

ღობე თითქოს მწვანე ფერის იყო და ეზოში ბევრი ხე და ყვავილი ყვაოდა. მახსოვს დედაჩემი როგორი რუდუნებით უვლიდა ფუმფულა ზღვის ბალახს, რომელში ჩაფლობაც უზომოდ მიყვარდა, როცა არავინ მხედავდა.

სიზმარი არაა, ცხადია, ეს ჩემი სახლია, უფრო სწორად იყო, სანამ თხელი ჯინსის ქურთუკით, რომლის ჯიბეები ზღვის კენჭებით და თოჯინების კაბებით მქონდა გამოტენილი, გარეთ არ გამომაგდეს. ისე გამომაგდეს, რომ მოვრბოდი, უკან კი ცუდი, თოფიანი კაცები მომსდევდნენ და მიყვიროდნენ: აქ არასოდეს დაბრუნდეო. გამომაგდეს და ჩემი ბავშვობა `ლტოლვილობით’ ჩაანაცვლეს.

ახლა სლოვენიაში ვარ, ხვალ თურქეთში ვიქნებით და ზეგ თბილისში, სადაც გავიზარდე, დავოჯახდი და მყავს ორი შვილი, მაგრამ სახლი ჩემი არის ეს, და ვერაფრით ვერ ვხვდები აივანზე სხვისი სარეცხი რატომ კიდია!!

#რუსეთიოკუპანტია

P.S. ფოტო გადაღებულია ქალაქ სოხუმში 2019 წელს…” – წერს ნინო ჯანჯღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები