LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით”

109

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი  საქართველოს შინაგან საქმეთა გიორგი გახარიას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, ვახტანგ გომელაურს, ღია წერილით მიმართავს.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი შვილის, სპორტული ჟურნალისტის გიორგი ზურაბიშვილის მიმართ, უმსგავსო კამპანია აგორდა.

ზურაბიშვილი წერს, რომ მისმა შვილმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ პროტესტს კი ანონიმი ექაუნთებიდან მუქარის შემცველი წერილები მოჰყვა.

ის კატეგორიულად ითხოვს:

ა) აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტის გამო.

ბ) გამოვლენილი (კონკრეტულად, სახელებით და გვარებით) და უმკაცრესად დასჯილი იქნენ ის პირები, ვინც ამ უმსგავსოებას სჩადის. როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.

“გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში”, – წერს ზურაბიშვილი და აქვეყნებს წერილს, რომელშიც მის შვილს ემუქრებიან.

ამ ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, დავით ზურაბიშვილის შვილს, გენ.ინსპექციიდან დაუკავშირდნენ. თუმცა, რა შედეგი მოჰყვა უწყების საქმეში ჩართვას, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები