LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს, რა თქმა უნდა, მასკარადია: ოხანაშვილი ოპოზიციის პროტესტზე

37
ანრი ოხანაშვილი

“ეს რა თქმა უნდა მასკარადია. როგორ შეიძლება, მორალი გვიკითხოს ადამიანმა, რომელმაც გირგვლიანის ინტერესები გაცვალა ბოკერიას ინტერესებში. ამ ადამიანისგან ჩვენ მორალზე საუბარს ვერ და არ მივიღებთ.” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, იცავენ კონსტიტუციას, პარლამენტის სუვერენიტეტს და ამ პროცეს აგრძელებენ:

“როგორ შეიძლება, ლევან ბეჟაშვილი გვესაუბრებოდეს უსამართლო პროცესზე, როდესაც ძმები კუბლაშვილები, ერთი პარლამენტში პოლიტიკურად და მეორე სასამართლოში სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას. ამ ჯგუფებთან დაკავშირებული ადამიანები და ეს ხალხი საუბრობს უსამართლო პროცესზე, სადაც ვერც ერთი კონკრეტული შინაარსობრივი საკითხი ვერ გააჟღერეს, ვერ დაასახელეს ვერც ერთი საკითხი, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, პარლამენტის სუვერენიტეტს და ამ პროცეს ვაგრძელებთ.” – თქვა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და ყველა პუნქტს ზედმიწევნით ასრულებს და სიმართლეც “ქართული ოცნების” მხარეს არის:

“ქართული ოცნება” არის მართალი საკუთარ ხალხთან. ჩვენ ვართ მართალი იმ შეთანხმებასთან მიმართებაში, რომლითაც ვალდებულება ვიკისრეთ. ჩვენ ყველა პუნქტს ზედმიწევნით ვასრულებთ და შესაბამისად, სიმართლე არის „ქართული ოცნების“ მხარეს. თუ ვინმეს მხარეს არ არის სიმართლე, ესენი არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებმაც გუშინ მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას. ეს არის დესტრუქციული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მათი ერთ-ერთი განშტოება ე.წ. ლელოს სახით.

მათ პირდაპირ და უხეშად დაარღვიეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ამ შემთხვევაში „ლელომ“, სადაც საუბარი იყო საარჩევო კანონმდებლობის რეფორმაზე. ყველა სხვა ოპოზიციურმა ჯგუფმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი ამ ნაკისრ ვალდებულებას. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ შესაბამისი რეაქციისკენ, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება არ სრულდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.” – თქვა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომიტეტის მთავარი თემა სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა საქართველოს პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები