LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უცხო ქვეყნისთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარებაზე

75
BeFunky-collage (9)

კარლ ჰარცელი განმარტავს, თუ როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი საქართველოსთვის გაცემული დახმარების პაკეტით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, თანხის (1.5 მილიარდი) თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი – მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. დახმარება კი, ძირითადად, ოთხ სფეროზე განაწილდება.

„ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი – მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ.

თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.

ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

”ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს"

მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმითვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უკვე გადასცა სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი.

ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება.

გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები