LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი იქნება”- გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

baxtadzegudauri

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება “-  პრემიერ-მინისტრმა გუდაურში ზამთრის სეზონი გახსნა.მამუკა ბახტაძის თქმით, გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, – განაცხადა ბახტაძემ.

გარდა ამისა, წელს, პატრულში დასაქმებულ მოქალაქეებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ წარსული წლების გამოცდილება. წელს, პატრულში დასაქმებულ მოქალაქეებს ტრენინგი ჩაუტარდათ და საქართველოს ზამთრის ყველა კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში გვყავს ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა- 82 ადამიანი. მინდა, მათ განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო. წელს, გუდაურის კურორტს 30 წელი შეუსრულდა. 30 წლის წინ, როდესაც დაიწყო ამ კურორტის განვითარება, მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები უნდა ყოფილიყო მსოფლიოში საუკეთესო. ჩვენ ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება და დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით საქართველო მართლა დაიკვიდრებს მსოფლიო რუკაზე ადგილს“, – განაცხადა ბახტაძემ.

გუდაური 30-ე იუბილეს სიახლეებით ხვდება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება „ძველი კუდებისა“ და „საძელეს“ საბაგიროებს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა.ახალი საბაგიროები  „სოლიკო“ და „კუდები“ ღია  “ბაბლის” ტიპის ექვსადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო  საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე ექვსადგილიანი.  საბაგირო ,,პირველის“ და  “სოლიკოს“  გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები