LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის წარმომადგენელი: ჩვენი მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი

139
fortuna.ge (32)

„ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებათა სფეროში,“ – ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა ევროკავშირის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ამ რეფორმების განხორციელება აუცილებელია საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკისთვის.

როგორც ლორენს მერედიტმა აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება ორ საყრდენს ემყარება – ინვესტიცია და მმართველობის დახმარება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად,“- განაცხადა მერედიტმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსთვის 5 სხვადასხვა პროექტს წამოიწყებენ. პროექტები ეხება შეეხება შავ ზღვას და კავშირების განმტკიცებას, ასევე დახმარებას ციფრული კავშირების მიმართულებით.

ციფრული მიმართულებით პროექტის ფარგლებში, დაეხმარებიან 1000 სასოფლო თემს, რათა მათ მიიღონ წვდომა ციფრულ კავშირებზე.

კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოების და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დაეხმარებიან, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ზოგჯერ ეს არის 5- ჯერ, 10- ჯერ განსხვავებული. ამიტომ ელჩ ჰარცელთან ერთად, იმერეთის გავლით წავალთ აჭარაში და ვეწვევით ევროკავშირის პროექტის ბენეფიციარებს, რომ განვიხილოთ ჩვენი სხვადასხვა პროექტი. საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იქნება საკეთილდღეო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,“ – განაცხადა ლორენს მერედიტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები