LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა რაჭით ინტერესდება, გასულ წლებთან შედარებით ძალიან გაზრდილია უცხოეთის ქვეყნებიდან ჯავშნები – სასტუმრო „შაორი“

687
178134564_2689145281377605_7354757136304854380_n

რაჭაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. შაორის ტბაზე მდებარე ამავე სახელწოდების სასტუმრო დამსვენებლებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს.

როგორც რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „შაორის“ გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი ჯმუხაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს, რაჭაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

„დიდი მოლოდინები გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია დასრულებულია და ეს 2 წლიანი ჩაკეტილი რეჟიმიც, როგორც მივხვდით, უკვე დამთავრდა. ჩვენი გუნდი მზად არის, უმასპინძლოს დამსვენებლებს, შეუქმნას მათ მაქსიმალური კომფორტი, სასიამოვნო გარემო. აღსანიშნავია, რომ ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ როგორც ადგილობრივებისგან, ისე უცხოელებისგან. ამ ეტაპზე, პროცენტულად უფრო მეტია ქართველი მომხმარებელი, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით ძალიან გაზრდილია უცხოეთის ქვეყნებიდან ჯავშნები და დაინტერესება. კონკრეტულად, ევროპის ქვეყნებიდან უფრო გაიზარდა გამოხმაურება“, – ამბობს ირაკლი ჯმუხაძე.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო „შაორს“ შეუძლია ერთდროულად 60-70 ადამიანის მიღება. „ჩვენთან დაგხვდებათ კეთილმოწყობილი ეზო, ღია აუზით, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზაფხულში, ასევე ბავშვებისთვის მოწყობილი სივრცე, ფეხბურთის და ფრენბურთის მინი სტადიონები. რაც მთავარია, მინდა გამოვყო, რომ ჩვენს სასტუმროს აქვს ასევე რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული რაჭული კერძები“, – დასძინა „შაორის“ გენერალურმა მენეჯერმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, რაჭის რეგიონში საკმაოდ ბევრი სასტუმროა, თუმცა, შაორის ტბაზე არის მხოლოდ მათი სასტუმრო. „ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ შემოგვემატება მსგავსი ტიპის ობიექტები და ერთად გავაძლიერებთ რაჭის აქტივობებს და ტურიზმს“, – ამბობს ჯმუხაძე.

სასტუმრო „შაორი“ აგვისტოს ბოლომდე თითქმის 90% დაჯავშნილია

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონისთვის სასტუმრო „შაორის“ ფუნქციონირება – ირაკლი ჯმუხაძე ამბობს: „შემიძლია გითხრათ, რომ სასტუმრო „შაორის“ გახსნის შემდეგ, ჩვენი კვლევებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზოგადად მოთხოვნა რაჭის მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ სასტუმრო „შაორი“ არ იქნება ერთადერთი და ამ ლოკაციაზე, ანუ შაორის ტბაზე უამრავი სხვა ობიექტი აშენდება. რაჭას აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება“.

ცნობისთვის, სასტუმრო „შაორში“ ჯამში დასაქმებულია 30-დან 50-ამდე ადამიანი, ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. დასაქმებულთა უმეტესობა არის 30 წლამდე ახალგაზრდა. როგორც „შაორის“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, ამ ახალგაზრდებს მიეცათ შანსი, რომ იმუშაონ საკუთარ რეგიონში, არ დატოვონ რეგიონი და გააძლიერონ რაჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები