LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში 750 დეპუტატია, აქედან ჩვენი ქვეყნით 10 არის დაინტერესებული და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ: სამადაშვილი ხელისუფლებას

72
სალომე სამადაშვილი

პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატების დროს, “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და მათ მოუწოდა, დაუბრუნდნენ მიშელის შეთანხმებას და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გადაარჩინონ.

სამადაშვილის სიტყვებით, “ევროპარლამენტის 750 დეპუტატიდან საქართველოთი მხოლოდ 10-ია დაინტერესებული და ქვეყნის ხელისუფლებამ ისიც მტრად გამოაცხადა”.

“რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობის სტატუსი. სრულიად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, თუ წარუმატებლობაზე. წამოწყებულია საოცრად ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერით საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში.

თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, არც ერთ თქვენგანს, არანაირი ნდობა არ გაგჩნიათ ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული, საქართველოს არ ლობირებს ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო.

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი მეგობრები და პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ჩრდილოვან ოლიგარქებთან ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს და თქვენ არავის არ წარმოადგენთ. რამდენჯერაც წახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ პრობლემების გრძელ სიას, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სადღაც გამოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გვარამიას დაპატიმრება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ გადავარჩინოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, – თქვა სამადაშვილმა.

ლელოს დეპუტატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების გამოყენებისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება.

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს – გამოიყენეთ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუ არავინ არ გისმენთ და არ გაქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით მაშინ სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში და ოპოზიციისკენ რას იშვერთ ხელს?”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები