LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 5 ივლისის საქმეებზე სახელმწიფოს ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს: საია

56
1

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.” – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან (“ღირსების მარში|) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით.

ასოციაციის ცნობითვე, კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება:

“2021 წლის 30 ნოემბრიდან 02 დეკემბრამდე მიმდინარე N1419-ე შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა განიხილა. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 18 ნოემბერს, საიას წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტს, წერილობითიმოსაზრებების წარდგენასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში, გააცნო იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა, და, დამატებით, ასევე, მიმოიხილა 2021 წლის 05 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.

საიამ მინისტრთა კომიტეტს მიმართა, არ დაეხურა აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე ზედამხედველობა, არამედ, განეგრძო საქმეების განხილვა გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და ზეპირი მოსმენით კიდევ ერთხელ განეხილა ის უახლოესი შესაძლებლობისთანავე. ასევე, მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მნიშვნელოვანია იდენტობის ჯგუფის საქმეების სრული და ეფექტიანი აღსრულებისთვის.

მისასალმებელია, რომ, 2021 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები და განაგრძო მათზე ზედამხედველობა, ასევე, სახელმწიფოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, კერძოდ:

◼ კომიტეტი, ხაზს უსვამს რა სახელმწიფოს განუყოფელ ვალდებულებას, უზრუნველყოს გაძლიერებული დაცვა სიძულვილით მოტივირებული ძალადობისაგან, და დაიცვას თანასწორობა, პლურალიზმი და ტოლერანტობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით.

◼ კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება.

◼ კომიტეტი განიხილავს რა ინფორმაციას ღირსების 2021 წლის ივლისის მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან, ასევე წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული, აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ დაიდენტიფიცირდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, დამატებით, კომიტეტმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ აცნობოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

◼ კომიტეტი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი; იმავდროულად მიმართოს ყველა ღონეს სიძულვილის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებში დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად, ისევე, როგორც დაზარალებულის ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, და სწრაფო გამოძიების საწარმოებლად.

◼ კომიტეტი მიესალმება რა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოების ახალ სისტემას და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად შესაბამისი ტრენინგებისთვის გაწეულ ძალისხმევას, იმავდროულად, მოუწოდებს სახელმწიფოს, გააუმჯობესოს სტატისტიკური მონაცემების წარმოების სისტემა ანალიტიკური კომპონენტის წარმოებით.

◼კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით განაგრძოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დისკრიმინაციულად მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.” – წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიას ცნობითვე, კომიტეტი იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება. საია განაგრძობს ამ ჯგუფის საქმეებზე აღსრულების მდგომარეობის მონიტორინგს, და, შესაბამის განახლებულ ინფორმაციას კვლავ მიაწვდის კომიტეტს.

პოპულალურები