LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი საშობაო ბაზრობები

christmas-markets

დეკემბრის თვეში, როცა ევროპა ნამდვილ საშობაო ზღაპარს ემსგავსება, განაკუთრებით სასიამოვნოა უგემრიელესი ნუგბარით და ცხელი გლინტვეინით, საჩუქრებით და კოლორიტული ხელნაკეთი ნივთებით მდიდარ ბაზრობაზე გასეირნება, სადაც სადღესასწაულო განწყობასაც შეიქმნით და სამახსოვრო სუვენირებსაც შეიძენთ.

ვენა, ავსტრია (17 ნოემბერი – 26 დეკემბერი) – ავსტრიის დედაქალაქში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაზე 25 სეზონური ბაზრობა ზრუნავს, თუმცა მოვლენების ეპიცენტრად მაინც რატჰაუსპლაცის მოედანზე მოწყობილი „ვენის საშობაო ოცნება“ ითვლება თავისი ცხელი პუნშით და გლინტვეინით, შემწვარი წაბლით და დარიჩის ორცხობილით, ადგილობრივი ოსტატების თვითნაკეთი საჩუქრებით და სუვენირებით.

პრაღა, ჩეხეთი (1 დეკემბერი – 6 იანვარი) – წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მშვენიერი  პრაღა განსაკუთრებულ ჯადოსნურობას შობის დღესასწაულზე იძენს, როცა ვაცლავის და სტარომესტის მოედანზე მოწყობილ ბაზრობებზე მუდამ ხალისიანი მასპინძლები უგემრიელესი ფუნთუშით და ცხელი შოკოლადითაც გაგიმასპინძლდებიან, ხის და კერამიკის ტრადიციულ საშობაო სათამაშოებსაც შეგირჩევენ.

სტრასბურგი, საფრანგეთი (23 ნოემბერი – 30 დეკემბერი) – მარშ-დე-ნოელი – საფრანგეთის უძველესი ბაზრობაა, რომელიც პირველად 1570 წელს მოეწყო. „შობის თვითგამოცხადებული დედაქალაქი“ თავისი 300 მაღაზიით, დღესაც ტონს აძლევს ევროპას და საშობაო მოდის ერთგვარ სტანდარტებს ამყარებს, რომლის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო ილუმინაცია და გიგანტური ნაძვის ხე, არომატული ყავა და ორცხობილა ბრედელიეა.

ბრიუსელი, ბელგია (30 ნოემბერი – 6 იანვარი) – ბელგიის უმსხვილესი ბაზრობა თავისი პატარა მაღაზიებით, დახურული სასრიალო მოედნით და ატრაქციონებით, ზამთრის სეზონზე ნამდვილ საოცრებათა სამყაროს ემსგავსება, სადაც სადღესასწაულო სუვენირებსაც შეიძენთ და უემრიელეს კრენდელებთან ერთად საუკეთესო შოკოლადსაც დააგემოვნებთ.

ნიურნბერგი, გერმანია (30 ნოემბერი – 24 დეკემბერი) – გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე „პატივცემული“ ბაზრობის მთავარი ღირსება – ჩინურ და ფართო მოხმარების ნივთებზე აკრძალვაა. ასე რომ, თუ ორიგინალურ სუვენირს ეძებთ, ჰაუპტმარკეტის მოედანზე მოწყობილი ბაზრობა სწორედ თქვენთვისაა, მით უფრო, რომ სწორედ აქ დააგენოვნებთ გერმანული შობის ოფიციალურ სიმბოლოს – ნიურნბერგულ თაფლიკვერს.

კოპენჰაგენი, დანია (17 ნოემბერი – 31 დეკემბერი) – სუნელების და მოხალული ნუშის არომატით გაჟრენთილი დეკემბრის კოპენჰაგენი აუცილებლად შეგიტყუებთ მყუდრო კაფეში, სადაც ადგილობრივები ტრადიციული გლოგით და სეზონური დელიკატესებით იზრუნებენ თქვენთვის სადღესაწაულო განწყობის შექმნაზე.

მანჩესტერი, ბრიტანეთი (9 ნოემბერი – 22 დეკემბერი) – მანჩესტერის საშობაო ბაზრობა, რომელიც პირველად 1999 წელს მოეწყო, გასულ წელს ევროპის ყველაზე პოპულარულ ბაზრობად დასახელდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 300-მდე პატარა მაღაზიასა და კაფეში, ორიგინალურ სუვენირებსაც შეარჩევთ და ტრადიციულ კერძებსაც მიირთმევთ. აუცილებლად გაისეირნეთ ალბერტ-სკვერზე, რომელიც თავისი რატუშითა და ვიქტორიანული ნაგებობებით, ორიგინლური სათამაშოებით მორთული უზარმაზარი ნაძვის ხითა და ფერადი ილუმინაციით დღესასწაულის ცენტრად ითვლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები