LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს – ხუხაშვილი „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

106
გია ხუხაშვილი

„ქართული ოცნება“ მორიგ ბიბლიურ ისტორიას წერს, როდესაც მოსეს ნაცვლად მისი ძმა აარონი საუბრობს. სამწუხაროდ, ეს ანტიბიბლიური ისტორია ქვეყნის გადარჩენაზე კი არა დაღუპვაზეა ორიენტირებული – ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას თქვა.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, გუშინ გავრცელებულ წერილში პარანოიის ნიშნებიც არის. მისივე თქმით, რუსულ პროპაგან“დისტებსაც არ ჰყოფნით ფანტაზია, რომ ამხელა შეთქმულების თეორია დადგან, ასეთი რაღაცები ამერიკას დააბრალონ.

„არავის სჯერა, რომ ეს ადამიანები თავად აკეთებენ განცხადებებს. „ქართული ოცნება“ მორიგ ბიბლიურ ისტორიას წერს, როდესაც მოსეს ნაცვლად მისი ძმა აარონი საუბრობს, აარონის იმიტაცია ხდება. მორიგი ბიბლიური ლეგენდა იკვრება. სამწუხაროდ, ეს ანტიბიბლიური ისტორია ქვეყნის გადარჩენაზე კი არა დაღუპვაზეა ორიენტირებული. ამის ავტორია „ქართული ოცნება“, რომელიც ამას არ უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ეს ჯგუფი იმიტომ გავიდა პარტიიდან, რომ თქვან ის, რასაც „ქართული ოცნება“ ფიქრობს, მაგრამ არ ლაპარაკობს.

ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა, გაასწრეს კიდეც. რუსულ პროპაგანდისტებსაც არ ჰყოფნით ფანტაზია, რომ ამხელა შეთქმულების თეორია დადგან, ასეთი რაღაცები დააბრალონ ამერიკას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის მოსაზრებით, დღეს სამყარო ორად არის გაყოფილი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული ავტომატურად ნიშნავს პრორუსულს, მესამე არჩევანი კი არ არსებობს.

„უნდათ პატრიოტიზმად გაასაღონ, მაგრამ ძალიან ბრიყვი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება. როდესაც დასავლეთს აკრიტიკებ და ლანძღავ, ამით რუსეთს ეხმარები, მისი გავლენის სფეროში შედიხარ. ამაში პარანოიის ნიშნებიც არის. ისეთი ვითარებაა, როდესაც ლოგიკური ახსნის მოძებნა და პოლიტიკურ ლოგიკაში ჩასმა ძალიან რთულია.

ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად. მე არ მინდა ეს დავიჯერო, მინდა ეს სიბრიყვეს და აფექტურ მდგომარეობას დავაბრალო. შესაძლოა, ხელისუფალი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს და მზად არის ასეთი რადიკალური ზომები მიიღოს“, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

„როცა აშშ-ს ელჩი მალავს ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას, ეს ამყარებს რწმენას, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოს მიერაა კოორდინირებული“ – “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები