LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარები გამოცვალეთ, ლაქები მოაშორეთ, სოფელში იარეთ: რას მოიტანს გამკაცრებული ტექინსპექტირება

1630
ინსეპქტირება

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად მკაცრდება. კერძოდ, ტექინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილებით, უკვე გამკაცრდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა. კერძოდ, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას ვერ გაივლის, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი იქნება. ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს. შესაბამისად რეგლამენტში ცვლილებები ეტაპობრივად შედის. თუ დღევანდელი რეგულაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა დაშვებულია, თუ მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება, 2020 წლიდან აღნიშნული რეგულაცია მკაცრდება. შესაბამისად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.

ასევე განმეორებითი ინსპექტირებისას ავტომობილის ვიზუალური შემოწმებაც მოხდება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.

ის, რომ ტექინსპექტირება მკაცრდება და ავტომობილების ტექნიკური შემოწმება ვიზუალურადაც მოხდება, უკმაყოფილებას იწვევს მძღოლებში. ექსპერტი და ავტოჟურნალისტი დემურ აფციაური მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექინსპექტირება საქართველოს პირობებს უნდა იყოს მორგებული და ავტომობილი იმ ძირითად ნაწილებზე უნდა მოწმდებოდეს, რომელიც უშუალოდ საგზაო უსაფრთხოებასთან და გარემოს დაბინძურებასთან არის კავშირში. მისივე თქმით, ერთი და იმავე მანქანამ შესაძლოა ერთ ცენტრში ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს, თუმცა იმავე მანქანამ მეორე ცენტრში ვერა, რაც კანონის ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს.

 

„ისეთი ტიპის ტექნიკური ინსპექტირების შემოღება საქართველოში, როგორიც ევროპაშია, ან თუნდაც რუსეთში, კარგს არაფერს მოგვიტანს. საქართველოშიც უნდა შექმნილიყო განსაკუთრებული, საქართველოს პირობებს მორგებული ძირითადი მოთხოვნები, რაც  ვთქვათ თანდათან გამოგვიჯანსაღებდა საავტომობილო ტრანსპორტს. კონკრეტულად, მანქანა უნდა მოწმდებოდეს გამონაბოლქვზე, მუხრუჭებზე, განათებაზე და იმ ძირითად რაღაცეებზე, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს უსაფრთხოებასთან და ამავდროულად გარემოს დაბინძურებასთან. მაგრამ რატომ ედავები, როდესაც მანქანა გაკაწრული აქვს, ან საქარე მინა ოდნავ გაბზარულია და ბამპერი არაქარხნული უყენია. რეალურად ძალიან დამახინჯებული სახეა ეს, რაც უკვე გამაღიზიანებელია. რეალურად, ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, კორუფციის ბუდედ, ან უბრალოდ უდიერად, არასწორად და მიკერძოებული მიდგომის საქმედ იქცა, რადგან ერთი და იმავე ავტომობილი შესაძლოა ერთ ცენტრში გაატარონ, მეორეში კი ტექინსპექტირება ვერ გაიაროს. დაწერილ წესდებას, ვისაც როგორ ესმის ისე კითხულობს. თუ ჩვენთვის მთავარია, რომ დავარეგულიროთ საავტომობილო ბაზარი, მაშინ სისულელეა ის, რომ ავკრძალეთ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოდინება, სამაგიეროდ გზა გავუხსენით ამერიკიდან  ჩამოყვანილ ჩაძირულ, დამტვრეულ, გაუბედურებულ მანქანებს, რომლებსაც ფაქტობრივად აქ თავიდან აწყობენ და მათ გამონაბოლქვს ვერანაირი მაჩვენებელი ვერ გაუტოლდება“, – განაცხადა დემურ აფციაურმა „ფორტუნასთან“.

 

ავტომობილების ინსპექტირების გამკაცრებას აუცილებელს უწოდებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. მისი თქმით, მარჯვენასაჭიან მანქანებზე ფარების გამოცვლა  ხილვადობას უკავშირდება და შესაბამისად პირდაპირ საგზაო უსაფრთხოებასთან არის კავშირში. მისივე თქმით, ის, რომ ერთ ცენტრში მანქანამ შესაძლოა ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს, მეორეში კი ვერა რეფორმის ხარვეზად მიიჩნევს ეკა ლალიაშვილიც. მისი თქმით, აუცილებელია ტექინსპექტირების ცენტრებში მომუშავე პერსონალის გადამზადება მოხდეს, რათა მათი კვალიფიკაცია ამაღლდეს.

„მარჯვენასაჭიანი მანქანების ფარების გამოცვლა პირდაპირ უსაფრთხოებასთან არის კავშირში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვთქვათ, ტექნიკური ინსპექტირება რისთვის გვჭირდება. თუ ვამაღლებთ გზებზე უსაფრთხოებას, აქ არ არის საუბარი გარეგნულ ვიზუალზე, რაზეც დაშვება გააკეთა სახლმწიფომ. აქ არის საუბარი ფარებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან, ეს არის მეორე მძღოლის ხილვადობა და ძალიან მაღალი საფრთხის მომტანია ეს კატეგორია. ამიტომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პარამეტრი, რომელიც არ უნდა დაითმოს. რაც შეეხება უშუალოდ ტექინსპექტირების ცენტრებს, აქ რა თქმა უნდა, წინასწარ არის ჩამოყალიბებული წესები, თუმცა ისევ პერსონალის კვალიფიკაციამდე მივდივართ. არის პარამეტრები, რომელსაც პერსონალი ამოწმებს და არის პარამეტრები, რომელსაც კომპიუტერი ამოწმებს. თუ ვთქვათ პერსონალს კვალიფიკაცია არ აქვს, ან რაღაცაზე თვალს ხუჭავს, ე.ი. ეს ხარვეზები არსებობს. ყველა გადამზადებულია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. უნდა ხდებოდეს მათი ცნობიერების ამაღლება, მათ უნდა ვასწავლოთ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა, ის, რომ რაღაცას არ შეამოწმებს და თვალს დახუჭავს, ეს მთლიანად უსაფრთხოების საკითხზე და ამ რეფორმის რეპუტაციაზე მოქმედებს. შესაბამისად თითოეულმა ოპერატორმა უნდა გაიაზროს ეს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

პროექტის ეტაპობრივ ცვლილებებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო არეგულირებს, ფრაქციამ „ევროპული საქართველო-რეგიონებს“ პარლამენტში ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ დააჯარიმებენ. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინსპექტირების პროცედურის სავალდებულო წესით გავლა ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი გზებით მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებიან. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის თქმით, რთული სოციალური პირობებიდან გამომდინარე ეს თემა განსახილველია, თუმცა დათმობების შემთხვევაში რეფორმის არსი დაიკარგება.

„ეს არის განხილვის თემა, რადგან არ გვინდა, რომ რთული პირობა შევუქმნათ მოქალაქეებს და მძღოლებს, რადგან ვიცით როგორი სოციალური მდგომარეობაა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, რომ ასეთი ავტომობილები დადიან ქუჩებში, მათ შორის ტრასაზეც. გადასახედია ეს საკითხი, რა ავტოტრანსპორტზეა საუბარი, რა პარამეტრებს აკმაყოფილებენ ისინი. ჩვენი ავტოპარკის 41% 20 წელს არის გადაცილებული და სახელმწიფომ რაღაც უნდა მოიფიქროს, სწრაფ ვადებში რა უყოს ამ ტრანსპორტს, რადგან ეს ტრანსპორტი მართლა ვეღარ გაივლის ინსპექტირებას, რადგან უკვე ჯართად არის ქცეული. შეღავათების გაწევა არის ისეთი საკითხი, რომელსაც მივყავართ უკან, იმიტომ რომ რეფორმის არსი იკარგება. ჩვენ გვინდა წინსვლა, ახალი ავტომობილები, ჯანსაღი გარემო. შესაძლოა შეღავათების განხილვა დღის წესრიგში იყოს, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის ჩვენ გვჭირდება, როგორ მოვიშოროთ ძველი ავტოპარკი და ჩავანაცვლოთ ახალი ავტოპარკით. აი ამაზე უნდა იზრუნოს სახლმწიფომ“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

ავტოჟურნალისტის დემურ აფციაურის თქმით, ამ ინიციატივის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმი არ იმუშავებს.

„ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი სისულელეა, ანუ როგორ დააფიქსირებ შენი მანქანა სოფელში უნდა მოძრაობდეს თუ ქალაქში. სიტყვაზე ახლობელი გაუხდა ცუდად და სასწრაფო ვერ გამოიძახა, შესაბამისად მოუხდა საკუთარი მანქანით  დედაქალაქში ჩამოყვანა. ამ შემთხევვაში ეგრევე უნდა დააჯარიმო? ანუ რა პრინციპით მოხდება, ბუნდოვანი და გაურკვეველია. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მეც გავაფორმებ მანქანას სოფელში და ვივლი ქალაქში, როგორ უნდა გაარჩიო სოფლის მანქანაა თუ  ქალაქის“, – აღნიშნა დემურ აფციაურმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები