ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისა და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარის, გია ძნელაძის შეხვედრას ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს!

როდესაც ამბობთ, რომ თქვენი მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვაა, არ მჯერა თქვენი. უფრო მეტიც, მგონია რომ ფასადურია თქვენი ასეთი შეხვედრები. წინააღმდეგ შეხვედრაში, მოიკვლევდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დღე და ღამ, თავდაუზოგავად შრომობენ (მერწმუნეთ საერთოდ არ გაგიჭირდებოდათ ჩვენი მოძებნა). ეს ადამიანები გახლავართ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ყველანაირი დაფინასნების გარეშე, ცარიელი ხელებით ვიბრძვით და რეალურ ცვლილებებს ვახდენთ ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ.

მაგრამ თქვენ შეხვდით მხოლოდ გია ძნელაძეს, რომელიც გახლავთ თქვენი პარტიის წევრთან, რატი იონათამიშვილთან დაახლოებული პირი, და რომელთანაც შეხვედრა შემოგთავაზეს.

გია ძნელაძეს არასდროს არაფერი გაუკეთებია არც მშობლების გასაძლიერებლად და არც ინტელექტუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების დასახმარებლად, და რაღა თქმა უნდა, არც/ვერც ისაუბრებდა ჩვენი შვილების პრობლემებზე.

ბატონ გიასთანაც მექნებოდა ერთი კითხვა, რა უფლებით იღებთ ამხელა პასუხისმგებლობას და მიდიხართ ასეთ შეხვედრაზე ისე, რომ არც კი გვაგებინებს ამის შესახებ?

პ.ს. ბატონო ბიძინა, იქნებ მომავალში ჩვენც გვკითხოთ ხოლმე, თუ რა პრობელემს აწყდებიან ჩვენი შვილები? იმდენ პრობლემებს მოგიყვებით, ნამდვილად გაოცდებით, მერწმუნეთ,”- წერს მარი კორკოტაძე.

ბიძინა ივანიშვილისა და გია ძნელაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 10 ივნისს გავრცელდა.  ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების და ქვეყანაში არსებული სამედიცინო მოდელიდან შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხზე, ასევე, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების ხარისხის მიწოდების და გაუმჯობესების საკითხებიც. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმ შშმ პირთა თემს მხარდაჭერა აღუთქვა.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები