LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების ზრდა, სავარაუდოდ, მარტის თვეში შეჩერდება, მაგრამ კლებას არ დაიწყებს. ლარის კურსის მერყეობას კი, 5 თებერვლიდან უნდა ველოდოთ – ნიკა შენგელია

350
befunky-collage-7-2020-11-13-10-20-31-884088

NDI-მ კვლევა ჩაატარა, სადაც მოსახლეობა იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ამჟამად ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა-59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

NDI-ის კვლევის შედეგები და აღნიშნულ ეკონომიკურ საკითხებზე სამომავლო პროგნოზი „ბიზნესკურიერთან“ ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ის რომ უმუშევრობა მოსახლეობისთვის ნომერ პირველ გამოწვევად რჩება სიახლე ნამდვილად არ არის.

„NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 59% უმუშევრობის პრობლემას ასახელებს. ჩვენი მისაზრებით, ამ კვლევაში ახალი და გასაკვირი ნამდვილად არაფერი არაა. მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აწუხებს უმუშევრობის პრობლემა და ეს პრობლემა არ დამდგარა პანდემიის შემდგომ, მანამდეც იყო. ის ერთ-ერთი უმწვავესი დაუძლეველი გამოწვევაა წლების განმავლობაში.

დაუძლეველი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა: უმუშევრობა, ლარის გაუფაურება, მზარდი ფასები და  სიღარიბე პანდემიამდეც იყო. ასე რომ, პანდემიის მერე რა გასაკვირია, რომ გამოწვევებმა კიდევ იმატოს.“-აღნიშნა შენგელიამ.

NDI-ის კვლევით, პრობლემათა რიგებში სიმწვავით მეორე ადგილზე დგას ინფლაცია. თუ 2020 წლის აგვისტოში ინფლაციას ეკონომიკის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 33%-ი მიიჩნევდა, 2020 წლის დეკემბრისთვის ამგვარად გამოკითხულთა 45%-ი ფიქრობს.

აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა პროდუქტებზე, სავარაუდოდ, მარტის თვეში შეჩერდება.

„ფასების ზრდა, სავარაუდოდ, მარტის თვეში გაჩერდება. მაგარამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომ კლებას დაიწყებს. უბრალოდ დაგვრჩება მაღალი ფასები.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ის მთლად ვერ ასახავს რეალურ სურათს. მარტის თვეში ვვარაუდობთ, რომ სამიზნე მაჩვენებელთან ძალიან ახლოს იქნება. ნურავინ იფიქრებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია გაუტოლდება სამიზნე მაჩვენებელს ამით ფასები დაეცემა, არა ეს ასე ვერ მოხდება.

ნოემბრის თვეში გაკეთებული პროგნოზით, ხორცპროდუქტებზე და სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების მატებას იანვრის ბოლოდან რომ ველოდებოდით სამწუხაროდ ახდა. კერძოდ, ხორცზე ფასმა 2%-ით მოიმატა, კვერცხზე კი 20%-ით.

ფასების დაცემა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება დეფლაციური პროცესები.“

რაც შეეხება ლარის კურსს, ლარის კურსის მერყეობის დაწყებას ეკონომისტი თებერვლის 5 რიცხვის შემდეგ პროგნოზირებს.

„ლარის კურსის მერყეობის დაწყებას ველოდებით თებერვლის თვის 5 რიცხვის შემდეგ.

ვფიქრობთ, რომ ჯერ არ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსს საგრძნობლად გააუფასურებს. ყოველ შემთხვევაში პირველ კვარტალში ველოდებით, რომ კურსის მერყეობა ჩაეტევა 3,24-3,36-იან შეუალედში.

რა გვექნება კურსის მხრივ მეორე კვარტალში ამაზე ვარაუდებს მოგვიანებით გავაკეთებთ.”

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობამ მთავარ გამოწვევად დაასახელა ეს შეზღუდვებია. რაც შეეხება აღნიშნულ თემას, ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეზღუდვების დაწესება პანდემიის პირობებში ბუნებრივია, თუმცა ბევრი გადაწყვეტილება გადაჭარბებულია.

„საერთოდ ვფიქრობ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებული უნდა იყოს სერიოზულ კვლევებზე დაფუძნებულ მსჯელობას. ჩავთვალოთ ეს ჩემს სუბიექტურ აზრად, თუ გნებავთ.

პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესება ხშირ შემთხვევაში საჭიროცაა, მაგრამ არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ვგულიხმობ იმას, რომ როდესაც დაკეტილია გასართობი ცენტრები და მაღაზიები კომენდატის საათის დაწესება რაღა საჭიროა?

როგორც მოგეხსენებანათ, 2020 წელს მთავრობამ 2-ჯერ გამოაცხადა „ლოკდაუნი“, ასე დააწესა შეზღუდვები და შედეგად რა მივიღეთ?-ეკონომიკა, რომელიც დაეცემა 6%-ზე მეტად, უმუშევართა ზრდა, კომპანიების გაკოტრება და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც სამწუხაროდ ვპროგნოზირებდით თვეების წინ.

თუ მთავრობას გონია, დღეს რომ გამოაცხადოს სარესტორნე სექტორის გახსნა მეორე დღეს ყველა გაიხსნება ძალიან შემცდარა. სავარაუდოდ, საზოგადოებრივი კვების ობიექტების 40% ვერ მოახერხებს გახსნას. შეგახსენებთ, რომ საერთოდ ტურისტულ სექტორს, რომლის წარმატებით მუშაობაში ირიბად სარესტორნე ბიზნესიც იდგა მშპ-ს წილში 11,5% ეჭირა.

2021 წელს არ უნდა ველოდოთ ეკონომიკის ზრდას რაიმე ნახტომისებური %-ით. ყველაზე კარგ შემთხვევაში დღეის გადმოსახედიდან, ზრდა 2020 წელთან შედარებით შეიძლება 1-2%-ით მოხდეს. აღნიშნულ პროგნოზს მეორე კვარტლის ბოლოს დავაზუსტებთ.“-განაცხადა ნიკა შენგელიამ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები