LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქმა „ეს პერსონასთან“ დაკავშირებულ ასობით გვერდთან ერთად „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა

98
ფეისბუქი

„ფეისბუქმა“ „ნიუს-ფრონტის“ ქართულ ანგარიშებთან ერთად ასევე გააუქმა „სპუტნიკის“ ქსელი საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე ავრცელებს.

ბენიძე განმარტავს, რომ საუბარია “სპუტნიკის” არაავთენტურ ქსელზე და არა “სპუტნიკის” ფეისბუქგვერდზე.

მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ინფორმაცია 6 მაისის დილით “ფეისბუქთან” გამართული ვიდეოქოლის დროს დაუდასტურეს.

“როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა”, – აღნიშნავს იგი.

მისივე განცხადებით, ნელ-ნელა უმჯობესდება ფეისბუქის შესაძლებლობა, უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ მსგავსი ქსელები, რადგან, რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები ამ გამოცდილებაზე “სწავლად” მით მეტად შეძლებენ და დროულად”დაიჭერენ” ახალ არაავთენტურ ოპერაციებს.

“ჩვენ, ცხადია, კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვა საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისთვის და ისინიც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ჩაირთვება, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი დრო, თუ როდის.

იმედია, ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალურ მედიაში შეძლებისდაგვარად თავისუფალი საინფორმაციო გარემო იყოს”, – წერს მიხეილ ბენიძე ფეისბუქის გვერდზე.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუქის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ეს პერსონასთან” და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები