LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფემიციდის განმარტება ჩაიდოს კანონში – შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი: „ქალთა მოძრაობა“ ხელისუფლებას მიმართავს

80
32123

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელთაგან ერთ-ერთი გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, „ქალთა მოძრაობა“ ეხმიანება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

მათივე განცხადებით, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

„ქალთა მოძრაობა“ ვეხმაურებით ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გაუარესება გვაქვს, თუმცა, ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ, რომ ისტორიული შანსი ჯერ დაკარგული არ არის და ჩვენთვის დღეს ევროკავშირის კარი ღიაა, მისკენ ნაბიჯების გადადგმა კი მასშტაბურ რეფორმებს მოითხოვს და მათი განხორციელება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ქალები საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტს შეადგენენ და მიუხედავად სიდიდისა და მრავალფეროვნებისა – ჩაგრული ჯგუფია. საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. რეკომენდაციით ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ქალების გაძლიერება აუცილებელია. მართალია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ცვლილებაა გასატარებელი საკანონმდებლო, პოლიტიკურ თუ ინსტიტუციონალურ დონეზე, რასაც ჩვენც წლებია ვითხოვთ. ევროკომისიის დასკვნით ღიად გვითხრეს, რომ თანასწორობისა და ქალების სრული თანამონაწილეობის გარეშე, ევროკავშირის წევრობა ვერ მიიღწევა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, როგორც 24 ივნისამდე, ასევე განგრძობადად წლის ბოლომდე და შემდგომაც. აქვე განვმარტავთ, რომ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

მაგალითად, 24 ივნისამდე მოსწრებადია შემდეგი:

• ფემიციდის განმარტება ჩაიდოს ქალზე და ოჯახში ძალადობის კანონში;

• შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითაც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი.

ჩვენი მხრიდან კი ვადასტურებთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა უწყებებთან კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვასა და აღსრულებაზე“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.