LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებიც 30 წლამდე აუცილებლად უნდა ნახოთ

ფილმები საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად:

„სკაფანდრი და პეპელა“ (Le scaphandre et le papillon) – ინსულტის შემდეგ სრულად პარალიზებული ჟენე-დომინიკ ბობის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი ნებისმიერს აიძულებს საკუთარი ცხოვრების გადაფასებას.

„Birdman“– ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს შავი კომედია, რომელიც 2014 წელს „ოსკარის“ მფლობელი გახდა, მაყურებელს წარსულის დავიწყებას და მხოლოდ აწმყოთი ცხოვრებისკენ მოუწოდებს.

ფილმები ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე:

„როცა მამაკაცს ქალი უყვარს“ (When a Man Loves a Woman) – ლუის მანდოკის დრამა ენდი გარსიას და მეგ რაიანის მონაწილეობით, მოსიყვარულე მეუღლის ისტორიაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს ალკოჰოლზე დამოკიდებული ცოლის გადარჩენას.

„სიყვარული“ (Amour) – მიხაელ ჰანეკეს დრამა, რომელიც კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს პრემიით აღინიშნა, მაყურებელს გარდაუვალ გარდაცვალებაზე დააფიქრებს, რომელსაც ფილმის ხანდაზმული წყვილი ერთად ხვდებიან.

ფილმები მათთვის, ვინც კარიერაზე ზრუნავს:

„დილა მშვიდობისა!“ (Morning Glory) – როჯერ მიტჩელის კომედია ჰოლივუდის  ვარსკვლავების რეიჩელ მაკადამსის, დაიან კიტონისა და ჰარისონ ფორდის მონაწილეობით, პროფესიული შეცდომების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას გასწავლით.

„ორი დღე, ერთი ღამე“ (Deux jours, une nuit) – ბელგიელი რეჟისორების, ძმები დარდენების არაჩვეულებრივი დრამა ფრანგული კინოს ვარსკვლავის მარიონ კოტიარის მონაწილეობით, მიზნის დასახვასა და მის მიღწევაში დაგეხმარებათ მრავალჯერ იმედგაცრუების შემდეგ.

ფილმები ოჯახურ ფასეულობებზე:

„მინდა ისე, როგორც შენ“ (The Change-Up) – დევიდ დობკინის ფანტასტიკური კომედია რეალობის ობიექტურად მიღებას და იმის დაფასებას გასწავლით, რაც გაქვთ.

„რონ კლარკის ისტორია“ (The Ron Clark Story) – რენდა ჰაინსის დრამაში, რომელმაც მაყურებელს მოსწავლეებში შეყვარებულ ენთუზიასტ მასწავლებელზე მოუთხრო, მთავარი როლი მეთიუ პერიმ შეასრულა.

ფილმები დედობაზე:

„ალისა აქ აღარ ცხოვრობს“ (Alice Doesn’t Live Here Anymore) – მარტინ სკორსეზეს ტრაგიკომედია მარტოხელა დედის ისტორიაა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამოუკიდებლად ცდილობს მცირეწლოვანი შვილის აღზრდას და ყოფით პრობლემებთან გამკლავებას.

„ქალთევზები“ (Mermaids) – რიჩარდ ბენჯამინის კომედია ახალგაზრდა შერის, მოზარდი კრისტინა რიჩისა და უაინონა რაიდერის მონაწილეობით ნებისმიერს დაარწმუნებს, რომ ყველაზე მწვავე ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაც შეიძლება, თუ დავიჯერებთ, რომ ცხოვრება მხოლოდ სახალისო თავგადასავალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები