LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლითაც 5 მსახიობი ქალი ,,ოსკარისთვის” იბრძოლებს

521
page

9 თებერვალს ამერიკის კინოაკადემია საუკეთესოებს დაასახელებს, იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავხედოთ ნომინანტებს და მათ ნაშრომებს.

წელს ნომინაციაში „საუკეთესო ქალი მსახიობი“ ოსკარისათვის იბრძოლებენ:

სინტია ერივო – ფილმისთვის „ჰარიეტი“ / Harriet

ბიოგრაფიული დრამა „ჰარიეტი“ ყოფილი მონის და აბოლიციონისტის, მონაბასთან უკომპრომისო მებრძოლის, ჰარიეტ ტაბმენის ბიოგრაფიას ეფუძნება, რომლის როლსაც სინტია ერივო ასრულებს. მონობისაგან თავის დაღწევის შემდეგ ჰარიეტი უკან დაბრუნდა, რათა გაქცევაში სხვებსაც დაეხმაროს, მონების გასათავისუფლებლად კი იგი რკინიგზის გვირაბებს იყენებს. ერივოს პერფორმანსმა კრიტიკოსებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ამ როლისათვის “ოქროს გლობუსზეც“ იყო ნომინირებული.

სკარლეტ იოჰანსონი –  ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“ / Marriage Story

ნოა ბაუმბახის დრამედიაში „ქორწინების ისტორია“ იოჰანსონი ნიკოლ ბარბერის როლს ასრულებს, რომელიც ქმართან, ჩარლისთან (ადამ დრაივერი) განქორწინების პროცესშია ჩაბმული. ოდესღაც ბედნიერი წყვილი ცდილობს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, თუმცა მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის მისაღებად მათ შორის ნამდვილი ბრძოლა იწყება. სკარლეტ იოჰანსონი ამ როლისათვის „ოქროს გლობუსზეც“ იყო ნომინირებული.

სირშა რონანი – ფილმისთვის „პატარა ქალები“ / Little Women

ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანის, “პატარა ქალების” მორიგი ეკრანიზაცია  ოთხი დის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც მამა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს დაკარგეს. სირშა რონანი ფილმში უფროსი დის, ჯოზეფინა „ჯო“ მარჩის როლს ასრულებს. ერივოს და იოჰანსონის მსგავსად, რონანიც იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“.

 

შარლიზ ერონი – ფილმისთვის „სენსაცია“ /Bombshell

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ბიოგრაფიული დრამაში ტერონთან ერთად ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი მონაწილეობენ. ფილმი ტელეკომპანია Fox News-ის რამდენიმე ქალი-თანამშრომლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც არხის დირექტორის, როჯერ ეილსის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო იძულებულნი იყვნენ არხი დაეტოვებინათ. ამ როლისათვის ტერონი „ოქროს გლობუსზეც“ იყო ნომინირებული.

რენე ზელვეგერი – ფილმისთვის „ჯუდი“ / Judy

ექსპერტების უმრავლესობა ფავორიტად სწორედ ზელვეგერს მიიჩნევს, რომელმაც რუპერტ გოლდის ბიოპიკში ლეგენდარული  ჯუდი გარლანდის როლი  შეასრულა. რენემ ამ როლისათვის უკვე მიიღო „ოქროს გლობუსი“. გამარჯვების შემთხვევაში, ეს მისი მეორე ოსკარი იქნება. პირველი ოქროს ქანდაკება ზელვეგერმა 2004 წელს, „ცივ მთაში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები