LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: სიღარიბე და უმუშევრობა კიდევ რამდენიმე წელი იქნება

161
t6v4j00jhw6uyzy

სიღარიბე და უმუშევრობა ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

“საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პრობლემები იყო მწვავედ და ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე. მე, როდესაც ვამბობ, რომ ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ და ვამბობ რომ სიღარიბეა 30%-დან 21%-მდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა დავიწყოთ და კმაყოფილი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ, რამდენიმე წელი მინიმუმ ამას დასჭირდება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა დაგროვებით პენსიასა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგროვებითი პენსია, შედეგს 20 წელიწადში იძლევა და მისი შედეგების განსაზღვრა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია.

“დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას. არც ჩვენს ბებია-ბაბუებს ჰქონდათ საქართველოში კარგი პენსია. საქართველოში კარგი პენსია არავის არ ჰქონია. მართლა ძალიან ცოტა იყო. დედა 80 წლის მყავს და ზუსტად ვიცი, რამდენად პრობლემატურია და მე მგონია, ცოტა გაუმჯობესებულ პენსიას ჩვენი შვილების თაობა მოესწრება. ეს რეფორმა 20 წელიწადში იძლევა შედეგს. საპენსიო რეფორმის შედეგები დათვლადია, ცხადია და დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში რა იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, 30-40 წლის შემდეგ, საქართველოში საბაზისო პენსია იქნება თუ არა სამყოფი, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ :

„სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად. საბაზისომ რომ მიაღწიოს ისეთივე დონეს, როგორიც იქნება დაგროვებითთან ერთად, გადასახადები ისეთი იქნება, რომ რაც არის, ისიც დაიხურება. ბიზნესს არავინ აღარ აწარმოებს. შეუძლებლად მაღალი უნდა იყოს საგადასახადო ტვირთი“, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები