გადაცემა „FM ქოუჩი“ 4 წელია გადის FM 106.9-ზე და ინტერნეტ სივრცეში. რა როლი შეაქვს გადაცემას განათლების ხარისხისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღებაში – ამაზე გადაცემის სტუმრები, ქოუჩები, ტრენერები და წამყვანი საუბრობენ.

ქოუჩი ეკა ბაბუნაშვილი:

„FM ქოუჩი პირველი გადაცემაა მედიასივრცეში, რომელმაც ფასეული წვლილი შეიტანა ქოუჩინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა და გადაცემის 4 წლიანი ისტორია მოწმობს, რომ მან აბსოლუტურად გაამართლა როგორც მსმენელის, ასევე, ქოუჩინგის პროფესიის წარმომადგენლების მოლოდინი. შედეგად, FM ქოუჩი ჩამოყალიბდა პლატფორმად, რომელიც ადამიანებისთვის ქმნის ყველაზე მნიშვნელოვანს – უწყვეტი პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. პიროვნული განვითარება კი წინსვლაზე ორიენტირებული, წარმატებული ადამიანების ხვედრია, რომლებიც თავისი მიზანსწრაფულობითა და შემართებით დადებით მაგალითს აძლევენ გარშემომყოფებს.

მაგალითი გადამდებია, ხოლო სწრაფვა ზრდისა და განვითარებისკენ მწიფე საზოგადოების შენების საწინდარია. FM ქოუჩი ამ დიდ მისიას ღირსეულად ატარებს ადამიანების კეთილდღეობის სამსახურში ყოფნით. ჩემთვის “FM ქოუჩი” გადაცემის სტუმრობა, ყოველ ჯერზე, ახალი დღესასწაულია, სადაც მაქვს თავისუფლება მივიტანო მსმენელამდე ყველაზე ფასეული – განვითარების, წინსვლისა და ბედნიერების მარცვალი, რომელიც მჯერა, ნოყიერ ნიადაგში მოხვედრისას, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. დიდ წარმატებას გისურვებთ!“

ქოუჩი ირინა ჭოჭუა:

„ყველამ ვიცით, რომ მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი კულტურა გვაქვს, სადაც ძალიან ბევრი ტაბუდადებული თემებია. მათ შორის არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და მენტალური კეთილდღეობის თემები, რაც ცალსახად აქტუალურია, თუმცა საზოგადოებაში ამ თემებზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების საკითხები, პიროვნული ზრდის, რაზევ უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება. ამ თემებზე ბოლო პერიოდია დაიწყო დიალოგი პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის, ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება, რასაც გადაცემა „FM ქოუჩი“ თავის მხრივ ხელს უწყობს.

ვფიქრობ, ქოუჩინგის ირგვლივ დიალოგის დაწყებისთვის ასეთი ფორმატის გადაცემების არსებობა აუცილებელია. ეს არის წყარო, საიდანაც საზოგადოებას შეუძლია სანდო ინფორმაცია მიიღოს პროფესიონალებისგან და ამის უზრუნველყოფას, პირველ რიგში, გადაცემის წამყვანი აკეთებს, რადგან აქვს საქმიანი მიდგომები და სწორი ხედვები სხვადასხვა თემებთან მიმართებაში. ყველა გადაცემას ვუსმენ და ხშირად, მეც ბევრი სიახლე მიმიღია კოლეგებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გადაცემის ფორმატს აქვს, არის მარტივი და გასაგები ენით მიწოდებული ინფორმაცია და აქტუალური, საჭირო თემები. ვფიქრობ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის, გადაცემა „FM ქოუჩი“ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია თავისი ფორმატით, თემებით“.

ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი:

„თანამედროვე სამყარომ მსოფლიოს პარადიგმა შეცვალა. განსხვავებულია დღის წესრიგი. მოულოდენლობებით სავსეა ყოველდღიურობა. რთული ენერგეტიკული, კალეიდოსკოპური საინფორმაციო და საკომუნიკაციო რეჟიმი წარმატების მიღწევისათვის ახალებურ აზროვნებას, მრავალუნარიანობას, სხვა მასშტაბის ცოდნას მოითხოვს.

ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება ერთი შეხედვით გაადვილებულია, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან რთულია ჭეშმარიტად ღირებული, სასარგებლო და გამოსადეგი ინფორმაციის გამოხშირვა იმ ოკეანე, ამღვრეული, ჭრელი საინფორმაციო ნაკადებიდან, რომელზეც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადვილად მიგვიწვდება ხელი.

საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში, შესაძლებელია გადაეყარო სასარგებლო, სანდო გადაცემებს, ვიდეო თუ აუდიო ლექციებს, სემინარებს, ჟურნალებს თუ სახელმძღვანელოებს.

მე ძალიან გამიმართლა და არაშემთხვევითი შემთხვევითობის წყალობით შევეფეთეთ ერთმანეთს მე და მარტა და აღმოვაჩინე: “FM ქოუჩი მარტა ქარუმიძესთან“ ერთად.  სწორედ ის გადაცემაა, რომელიც ნამდვილად სანდო, საინტერესო, სასარგებლო საინფორმაციო წყაროა. წამყვანი და ავტორი უკვე ოთხი წელია, კვირაში ერთხელ, სხვადასხვა თემებზე/საკითხებზე სასაუბროდ პროფესიონალებს  ახვედრებს მსმენელს, უადვილებს მათ საინფორმაციო ნაკადებში გზის გაკვალვას და სასარგებლო თემებით, საინტერესო საკითხზე აძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვან თემაზე/კითხვაზე მიიღოს ფასეული პასუხი.

ვფიქრობ, თუ გსურთ მიიღოთ ღირებული რეკომენდაცია, ერთმანეთს ჰარმონიულად შეუხამოთ სასიამოვნო და სასარგებლო, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, ყოველ სამშაბათს, კომფორტულად მოკალათდით და უსმინეთ/უყურეთ გადაცემას  “FM ქოუჩი” მარტა ქარუმიძესთან ერთად.

გადაცემის წამყვანი მარტა ქარუმიძე:

„4 წელი შეიძლება ძალიან ბევრი არაა, მაგრამ ვფიქრობ, არც ცოტა, იმისთვის რომ შეაფასო განვლილი პერიოდი. დასაწყისში, როცა ამ გადაცემის კეთება დავიწყე, სიტყვა ქოუჩინგი ბევრისთვის უცხო იყო. სათითაოდ ვუხსნიდით ყველას, რა იყო ამ პროფესიის მიზანი. დღეს რომ გადავავლოთ თვალი, უკვე ბევრი ადამიანია ინფორმირებული ამ პროფესიის შესახებ, მეტსაც გეტყვით, სულ უფრო მზარდია ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

გადაცემის ფორმატში ქოუჩინგის გარდა, ბევრ საინტერესო თემებს განვიხილავთ, პიროვნული ზრდიდან დაწყებული მენეჯმენტში არსებული პრობლემებით დამთავრებული. ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები, ქოუჩები, ტრენერები, რომლებიც ამ გადაცემას სტუმრობენ. სწორედ მათგან იგებს ჩვენი მსმენელი, მაყურებელი და მკითხველი საინტერესო ინფორმაციას. სიანტერესო თემების შეთავაზებას მომავალშიც გავაგრძელებთ.

რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ მიზანია განათლების მიმართულების მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „ფორტუნა აკადემია“, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. აქ ტარდება ტრენინგები, მასტერკლასები, შესაბამისად მსურველებს უკვე ვრცელი ფორმატით აქვთ საშუალება მოვიდნენ ჩვენთან აკადემიაში და სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა“.

 

 

 

 

მსგავსი თემები