LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოლიკულის მონიტორინგი და ოვულაცია“ – რჩევები ეკა ისაკიდისგან

eka-isakidi

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მუშაობს ეს სქემა, რა უნდა ვიცოდეთ ჩასახვის კალენდარის შესახებ, რა საგანგაშო სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის „ინოვა“  გინეკოლოგიური ამბულატორიის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოკმა ეკა ისაკიდმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, როგორც წესი, მოზარდი გოგონების გინეკოლგთან ვიზიტის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც მშობელი ამჩნევს პრობლემას. რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

ჩვენ ვეხებით ძალიან საინტერესო თემას, პუბერტატულ პერიოდს, რომელიც იწყება 11 წლიდან და 15 წლამდე გრძელდება. ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფების პირველადი ნიშნების დემონსტრირება, ეს არის სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმიანობა ბოქვენზე და იღლიების ფოსოში. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ნაადრევი მომწიფების დროს გამოვლენილი სიპტომების შემთხვევაში, – ესაა  8-9 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის გაზრდა, თმიანობა ადრეულ ასაკში –  მშობელმა  უნდა მიმართოს სპეციალისტს.

რაც შეეხება პუბერტატულ ასაკს, მშობლებს მინდა მოვუწოდო, რომ მათ გააფრთხილონ გოგონები მენარხეს  ანუ პირველი მენსტრუაციის შესახებ, რათა ეს არ აღმოჩნდეს სტრესი მოზარდისთვის – ძალიან ხშირად ხდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევა თუნდაც ამის ფონზე. საჭიროა პირველი მენსტრუაციის დადგომამდე ფსიქო-ემოციური მომზადება, ჰიგიენური წესების დაცვის სწავლება და ა.შ.

რა არის ყველაზე საყურადღებო პირველ რიგში. საყურადღებოა მენსტრუალური ციკლის დიაპაზონი.  ნორმად ითვლება 21 დღიდან 35 დღემდე, იგულისხმება შუალედი მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე. თუ მოზარდის შემთხვევაში ცდება ამ პერიოდს, მშობელმა ეს არ უნდა უგულვებელყოს.

რაც შეეხება ციკლურობას, მშობელი ხშირად ზრუნავს, დარდობს, მოჰყავს გინეკოლოგთან.  რომ არ იყოს ნაადრევი მომართვიანობა სპეციალისტთან, ერთი წელი, წელიწადნახევარი მოზარდის ორგანიზმს უნდა ვაცალოთ, რათა მენსტრუაციული ციკლის რეგულარობა ორგანიზმმა თავად ჩააყენოს მწყობრში.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პუბერტატულ ასაკში  ვლინდება ჭარბთმიანობა, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარება, მამაკაცური ტიპის გათმიანება, ხმის დაბოხება. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

ასევე საყურადრებოა, როდესაც მოზარდს აქვს მენარხე, ანუ ის მენსტრუირებს, მაგრამ არ აქვს სქესობრივი მომწიფების ნიშნები,- ესეც ძალიან საყურადღებოა და ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ყველაზე ხშირია მენსტრუალური ტკივილი. ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვეუბნებიან, რომ ეს არის გენეტიკური, მეც ასე მქონდა… გენეტიკურ ფაქტორს, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, თუმცა ეს დიფერენცირებული უნდა იყოს თავად გინეკოლოგის მიერ, რათა გამოირიცხოს ბევრი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს ამ მენსტრუალურ ტკივილს. ეს არის ძირითადი სიმპტომები რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება.

 ბოლო დროს ხშირია  მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უნდა გვეშინიოდეს თუ არა ჰორმრი პრეპარატებით მკურნალობის?

საერთოდ არ არის საშიში, მთავარია სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი პრეპარატი დაინიშნოს. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჰორმონალური სამკურალო პრეპარატების დანიშვნა ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას? თუ სწორი დიაგნოზი იქნა დასმული, რომ დადასტურებულად ჰორმონალური დისბალანსის შედეგია ციკლის დარღვევა, ესე იგი ორგანიზმი რაღაცას ჭარბად გამოიმუშავებს და რაღაცას ნაკლებად. სამკურნალო ჰორმონალური პრეპარატის დანიშვნა  ამას აბალანსებს. სიმპტომის მოხსნა ეს არის ერთჯერადი პრობლემის მოგვარება. პირველადი პრობლემის კი,  გამოკვლევა და შემდეგ სწორი მკურნალობაა. ჰორმონალური პრეპარატები ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, გამასუქებს, თმიანობა მომემატება და ა.შ. ეს არასწორია. როგორც ყველა პრეპარატს, მათ შორის ჰორმონალურსაც, აქვს გვერდითი მოვლენები მაგრამ,  ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევა უნდა იყოს დაბალანსებული ჰორმონალური სამკურნალო საშუალებებით.

 ძირითადად რა მიზეზები უშლის ხელს ორსულობის დადგომას?

ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი არის ჰორმონალური დარღვევა. ხშირად კი ეს არის ანატომიური თავისებურებანი. ვგულისხმობ უნაგირა ფორმის საშვილოსნოს, საშვილოსნოს ღრუში ტიხარს, საშვილოსნოს ღრუს პოლიპს – ეს ის პობლემებია, რომელიც დაორსულებას უშლის ხელს;  უფრო ზუსტად კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, მაგრამ მისი მიმაგრებისთვის არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. ასევე აღსანიშნავია სტრესი, გარემო, სოციუმი, ფსიქო-ემოციური ფონი და უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის ფაქტორი.

როდესაც ორსულობის დადგომა გვიანდება წყვილი იწყებს ნერვიულობას, მიზეზების გამოკვლევას… ასეთ დროს გამოკვლეული უნდა იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. ორსულობის არდადგომის მთელი რიგი პრობლემები სწორედ მამაკაცთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

რა უნდა ვიცოდეთ ფოლიკულის მონიტორინგის შესახებ, რატომ შეიძლება ფოლიკული არ გაიზარდოს, არ გასკდეს ან იდეალური სურათის მიუხედავად, არ დადგეს ორსულობა?

ფოლიკულის მონიტორინგი ეს არის საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების დინამიკაში დაკვირვება. თავისი პერიოდულობით ის იზრდება, ერთ-ერთი ხდება დომინანტური. დომინანტურია ის ფოლიკული, რომელშიც არის მომწიფებული კვერცხუჯრედი, სკდება ოვულაციის პერიოდში, მისგან გამოედინება კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომ უერთდება სპერმატოზოიდს და ხდება განაყოფიერება ანუ ჩასახვა. მონიტორინგი გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ – ბუნებრივად მწიფდება ფოლიკული, ბუნებრივად ხდება დომინანტური და ამწიფებს კვერცხუჯრედს, დამოუკიდებლად სკდება. მხოლოდ ფოლიკულის მონიტორინგი არ გულისხმობს ფოლიკულის ზრდის და მის შემდგომ გასკდომა- არ გასკდომის მომენტს. ფოლიკულური მონიტორინგი ასევე გულისხმობს ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი(ფუნქციონალური) შრის  გაზრდას. იზომება სისქე, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ინპლანტაცია, მიმაგრება მოხდეს ღრუში.

ფოლიკულის მონიტორინგის დაწყება არ არის სტანდარტული. ამას განაპირობებს ქალბატონის მენსტრუალური ციკლი.  სხვადასხვაგვარად იწყება მონიტორინგი – 28 დღიან და 35 დღიან ციკლში. ხშირ შემთხვევაში დღეგამოშვებით ვაკეთებთ ამ გამოკვლევას, ეს ხდება ულტრაბგერით. თუ ერთ-ერთ გამოკვლევაზე ვხედავთ, რომ ამ თვეში არ ველით დომინანტურ ფოლიკულს, მონიტორინგი ასეთ დროს ჩერდება.

რატომ შეიძლება ფოლიკული ან არ მომწიფდეს ან მომწიფდეს, გაიზარდოს და არ გასკდეს?

მიზეზია ჰორმონალური დარღვევა. ამ ყველაფერზე ბევრი ენდოკრინული ორგანოა პასუხისმგებელი. აქ მძივივით არის ჩაბმული ენდოკრინული სისტემა.  ერთმანეთზეა დამოკიდებული და, ერთ-ერთი ენდოკრინული ორგანოს მწყობრიდან გამოსვლა შემდეგი რგოლის დარღვევას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არ ხდება დომინანტური ფოლიკულის მომზადება.  ასევე ხშირად ხდება ისე, რომ დომინანტური ფოლიკული მწიფდება, მაგრამ ბუნებრივი გზით არ სკდება. არსებობს საშუალებები, პრეპარატები, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებთ, ვერევით მეან-გინეკოლოგები და ხდება ხელოვნურად დომინანტური ფოლიკულის გასკდომა.

 თუ ეს ყველაფერი ხდება მაგრამ ორსულობას მაინც ვერ ვიღებთ, სად შეიძლება მიზეზი ვეძებოთ და რა არის სტიმულაცია?

არის შემთხვევები, როდესაც დომინანტური ფოლიკული მწიფდება, ხდება მისი ბუნებრივი გახეთქვა ანუ კვერცხუჯრედის გადმოსვლა ფოლიკულიდან, ენდომეტრიუმის შრის სისქეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წესით, ბუნებრივი გზით მოხდეს მიმაგრება, მაგრამ ორსულობა   მაინც არ დგება.

დავუბრუნდები მამაკაცის პრობლემას. არასრულფასოვანი სპერმის დროს კი ახდენს სპერმატოზოიდი განაყოფიერებას, მაგრამ გენების შეჭიდების დროს ხდება ის დარღვევა, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ჩანასახი არასიცოცხლისუნარიანია; ან მიემაგრა, მაგრამ მისი მენსტრუაციის მოსვლის პერიოდში მაინც მოხდა ჩამოფცქვნა და გამოდევნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ულტრაბგერა ძალიან გვეხმარება გინეკოლოგებს, ეს არის ჩვენი მარჯვენა ხელი, თუმცა ულტრაბგერა არ გაძლევს საშვილოსნოს ღრუს 100%-იან დიაგნოსტიკას. შესაძლოა იყოს მიკროპოლიპოზი, რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას.

სტიმულაცია არის მასტიმულირებელი მედიკამენტებით ჩარევა, ხდება საკვერცხის სტიმულაცია, რათა მან მოამზადოს დომინანტური ფოლიკული და მოხდეს ოვულაციის პერიოდი. მენსტრუალური ციკლი ორ ფაზად იყოფა, პირველ და მეორე ფაზად. თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს ჰორმონების გამოყოფაში. თითოეულ ფაზაში პასუხისმგებელი ენდოკრინული რგოლია ჩართული. ამ ფაზების მომიჯნავე შუა პერიოდი არის ოვულაციის პერიოდი. ზუსტად ის ეტაპი, როდესაც დომინანტური ფოლიკულიდან ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის განდევნა, განაყოფიერება და საშვილოსნოს ღრუში მისი ინპლანტაცია.  სტიმულაციას  ვაკეთებთ და საკვერცხის ფუნქციებში ვერევით მაშინ, როდესაც საკვერცხე თავის პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს. უამრავი გამოკვლევების შედეგად, ყველანაირი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, ხდება სტიმულაციის გაკეთება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამართლებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჰიპერსტიმულაცია ხდება და შეიძლება მომწიფდეს რამდენიმე დომინანტური ფოლიკული, მაგრამ სტიმულაციის გაკეთება არ ნიშნავს 100%-იან ორსულობის დადგომას. სტიმულაციას აქვს თავისი ჩარჩოები, განსაზღვრულია, რამდენჯერ შეუძლია ექიმს მისი ჩატარება და უშედეგობის შემთხვევაში რამდენი ხანი არ უნდა ჩაერიოს და მიეცეს სრული დასვენების, თავისუფლების პერიოდი საკვერცხეს, ჰორმონალურ სტატუსს.

 რა უნდა ვიცოდეთ ოვულაციის პერიოდის შესახებ და შესაძლოა თუ არა, მისი სახლის პირობებში გამოთვლა?

 მოდით ვთქვათ რა სიმპტომები აქვს ოვულაციას. არსებობენ ჰიპერ მგრძნობიარე ქალბატონები, რომლებიც გრძნობენ ამ პერიოდს. აღნიშნავენ, რომ იგრძნობა წიწკვნითი, ჩხვლეტითი შეგრძნებები საკვერცხის პროექციაში. ოვულაციის პერიოდში იცვლება საშოდან გამონადენი, ანუ სეკრეტი მეტად წელვადი და გამჭვირვალეა. ორგანიზმი შეგნებულად გამოყოფს ასეთ სეკრეტს, რადგან ის ხელს უწყობს სპერმას, დროულად მივიდეს კვერცხუჯრედამდე. ასევე არის სტატისტიკა, როდესაც ოვულაციის პერიოდში მატულობს ლიბიდო, სექსუალური ვნება. თუ ამ ყველაფერს დააკვირდება ქალბატონი მიხვდება, რომ მას ოვულაციის პერიოდი აქვს.

რაც შეეხება გამოთვლას, ბაზალური ტემპერატურის გასინჯვა რექტალურად არის მოძველებული და დისკომფორტის შემცველი მეთოდი, რადგან გაზომვა უნდა მოხდეს დილას, ლოგინიდან აუდგომლად, დაახლოებით ერთი და იგივე დროს. უნდა გაკეთდეს მენსტრუაციის დღეებისა და ბაზალური ტემპერატურის ცხრილი. ხშირად 0,5 გრადუსით მატებას ან კლებას აქცევენ ყურადღებას, რაც არაინფორმაციულია. ეს არის დისკომფორტული, თუმცა, რატომაც არა – ზოგი ქალბატონი ითვლის ასე ოვულაციის პერიოდს.

რაც შეეხება კლასიკურ მეთოდს, ეს დამოკიდებულია  მენსტრუალურ ციკლთან. 28 დღიანში სხვა დღეებია განაყოფიერების, 35 დღიანში სხვა. თუ ვისაუბრებთ 28 დღიან მენსტრუალურ ციკლზე, ყველაზე ხშირად ოვულაციის პერიოდი არის მეთერთმეტე დღიდან მეთოთხმეტე დღის ჩათვლით. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სპერმა განაყოფიერების უნარიანი არის 48-დან 72 -საათის განმავლობაში. თუ ქალბატონი ფიქრობს, რომ მე მე-11 დღიდან აქვს „საშიში“ ან „სასურველი“ დღეები განაყოფიერებისათვის, და მენსტრუაციის დაწყებიდან მე-9 დღეს აქვს დაუცველი სექსუალური კავშირი და ჰგონია, რომ არ დაორსულდება, ძალიან ცდება. თუ მე-14 დღეს გასკდა ფოლიკული, გადმოისროლა მომწიფებული კვერცხუჯრედი, მაგრამ ქალბატონს ჰგონია, რომ მე-14 დღემ ჩაიარა, როგორც სპერმატოზოიდს აქვს განაყოფიერების ვადა, ასევე კვერცხუჯრედს აქვს ვადა – 12 საათიდან 24 საათამდე. თუ ავიღებთ მაქსიმალურად დაწყებულით და დამთავრებულით, ეს არის მე-9 დღიდან მე-20 დღემდე. ხშირად ქალბატონები დარწმუნებული არიან, რომ მენსტრუაციის ბოლო დღეები ჰქონდა და ამიტომ ორსულობა სავარაუდოდ არ დადგებოდა. ეს ასე არ არის. ამისი გამოთვლა შეიძლება, პროცენტულობა დაკვირვებულ ქალბატონებში მაღალია, მაგრამ არა 100%-იანი სიზუსტით.

თუ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე კვლევა, რომლებზეც გვირჩევთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ?

ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ ქალბატონებს, რათა გინეკოლოგთან თუ მამოლოგთან დაგვიანებული მიმართვიანობა არ მოხდეს. პირველ რიგში ძალიან ხშირია საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, რომელიც ბოლო წლებში მომრავლდა და მისი ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ყველა ქალბატონს მოვუწოდებ წელიწადში ერთხელ აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს, რათა აიღოს პაპ–ტესტი. საშვილოსნოს ყელის პათოლოგია არ გვაძლევს კლინიკურ გამოვლინებას, ანუ ქალს არ აწუხებს არაფერი და არც ექიმს მიმართავს. მიუხედავად ამისა, პაპ–ტესტი არის ის ანალიზი, რომელიც წელიწადში ერთხელ ქალბატონმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს. ჩვენთან ძალიან ადაპტირებული გახდა საშოსმხრივი ინფექციები, რაც არ იძლევა კლინიკას, არ აწუხებს ქალბატონს, ან აწუხებს პერიოდულად და თავისით გადის ჩივილები. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვაქვს ქრონიკულ ინფექციურ დაავადებასთან, რომელიც თავისებურ ზიანს აყენებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ამიტომ წელიწადში ერთხელ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი უნდა გაკეთდეს. ასევე უნდა გაკეთდეს ულტრაბგერითი კვლევა და სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, თუ საჭირო გახდა მამოგრაფიაც. ეს ის ძირითადი კვლევებია, რომლებიც ქალბატონმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს, რათა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს მომავალში.

არის შემთხვევები, როდესაც დიდი დოზით არის გინეკოლოგიური თუ ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მაგრამ ორსულობა დგება. მეორე მხრივ კი ერთი შეხედვით აბსოლიტურად ჯანმრთელი პაციენტი ვერ იღებს იგივე შედეგს, როგორ ავხსათ ეს უცნაური შემთხვევები?

ყველა ადამიანი ინდივიდია, აქვს ინდივიდუალური ენდოკრინული და იმუნური სისტემა. სხვისი მაგალითი, რომ სხვას ჰქონდა იგივე პრობლემა, მაგრამ დაორსულებისთვის ხელი არ შეუშლია, ყველაზე არ ვრცელდება.

არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ენდოკრინული პრობლემის დროს უპრობლემოდ დადგეს ორსულობა, განვითარდეს და ქალბატონმა ასეთი დარღვევებით მიიღოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალშობილი. ბევრი ნიუანსია, და ხშირ შემთხვევაში ექიმებიც გაკვირვებულები რჩებიან და უკვირთ, როგორ მოახერხა ეს ორგანიზმმა. თუმცაღა ინდივიდუალურია; ინდივიდია და მისი პრობლემების, ენდოკრინული დარღვევების კომპენსირება მოახდინა ორგანიზმმა ასაკის, იმუნიტეტის თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. ეს არ ნიშნავს, რომ იგივე პათოლოგიით და დარღვევებით სხვა ქალაბატონიც იგივენაირად მიიღებს ორსულობას; ან შეიძლება მიიღოს, მაგრამ ვერ შეინარჩუნოს, ან მიიღოს არაჯანსაღი ნაყოფი.

ასევე არის პირიქითაც, როდესაც ვიკვლევთ ქალბატონს, ვიკვლევთ პარტნიორსაც. თითქოს ორივე მხარეს კლასიკურად ყველაფერი აქვს წესრიგში, არ გვაქვს არანაირი ხელმოსაჭიდი მიზეზი, მაგრამ არ დგება ორსულობა. ასეთი დიაგნოზიც არსებობს – გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა .

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები