LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა აკადემიამ“ 2 დღიან შემეცნებით ტრენინგს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლა – რა ეტაპზეა კანადასთან სავაჭრო ურთიერთობები, როგორ უნდა მივიღოთ განათლება კანადაში და დავსაქმდეთ

2544
IMG_8598

„ფორტუნა აკადემიამ“ მორიგ საინტერესო და შემეცნებით ტრენინგს უმასპინძლა. ამჯერად, კანადურ-ქართულ სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით, პერსონალური ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებით, ეფექტური გაყიდვების უნარების განსავითარებლად უნიკალური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე დამატებით განხილული იქნა კანადის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები.

აღნიშნული ტრენინგის შესახებ fortuna.ge „ფორტუნა აკადემიის“ დამფუძნებელსა და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურ დირექტორს, თამარ ჩიგოგიძეს და ასევე, ამავე ტრენინგის ტრენერს, მენეჯმენტის აკადემიურ დოქტორს, კანადის ბულერის ბიზნესის სკოლის დეკანს, კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, პროფესორ დავით ირემაძეს ესაუბრა

„ფორტუნა აკადემიამ და კანადურ-ქართული სავაჭრო პალატამ, ერთობლივად ჩავატარეთ უფასო ტრენინგი ეფექტური გაყიდვების უნარების განსავითარებლად, სადაც ქართველ მეწარმეებისთვის დამატებით მიწოდებულ იქნა კანადის ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის გატანის შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვორქშოპი ჩატარდა „ფორტუნა აკადემიაში“. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ირემაძეს და ვაჰან ასატრიანს ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენი მონაწილეებისგან მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება რაც ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს, რომ მომავალშიც ჩავატაროთ ამ ტიპის ტრენინგები, რომელიც დაეხმარება ქართულ ბიზნესმენებს შექმნან ფინანსური კეთილდღეობის დამატებითი წყარო და ამით, უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა”, – განაცხადა „ფორტუნა აკადემიის“ დამფუძნებელმა და ასევე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ.

რაც შეეხება დავით ირემაძეს, ის ასევე ამბობს, რომ 2-დღიანი უფასო ტრენინგი მოიცავდა როგორც გაყიდვების უნარების კუთხით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე გაცნობით ლექციას კანადის ბაზარზე არსებული ბიზნეს და პროფესიული შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ.

– ტრენინგის ჩასატარებლად კანადიდან ჩემთან ერთად ჩამოსული იყო ჩემი კოლეგა, კანადის რედიმერის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩვენი სავაჭრო პალატის წევრი და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ფლოურიშის“ გენერალური დირექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი ვაჰაგნ ასატრიანი. მე და პროფესორმა ასატრიანმა ინგლისურ-ქართულ ენაზე წარვმართეთ ტრენინგი, რათა იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო არა მხოლოდ ინგლისურენოვანი აუდიტორიისათვის.

რა მიზანს ემსახურებოდა ამ ტრენინგის ჩატარება?

პროდუქციის, სერვისების თუ იდეების „გაყიდვებზე“ დიდწილად არის დამოკიდებული ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება. მეტიც, ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ორგანიზაციაში ყოველი ორგანიზაციის წევრი უნდა იყოს ჩართული „გაყიდვებში“, თითოეული მათგანი უნდა ცდილობდეს პირადად გადასდოს სხვებს ის ენთუზიაზმი, რაც მათ უნდა გააჩნდეთ თავიანთი ორგანიზაციის, პროდუქტის, სერვისების, თუ იდეების მიმართ. მოტივაციის საკითხების კანადელი გურუს – ბრაინ ტრეისის მიხედვით, გაყიდვების ერთ-ერთი განმარტება კი სწორედ ეს არის – „გაყიდვები – ეს არის ენთუზიაზმის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე.“ ამ ტრენინგით გვსურდა საშუალება მიგვეცა მსმენელთათვის, რომ ენთუზიაზმის გადაცემის კონკრეტული მეთოდები და ამ მეთოდების ფსიქოლოგიური ასპექტები შეგვეთავაზებინა თავიანთი პროფესიული ხელსაწყოების კრებულში ჩასამატებლად.

აგრეთვე გვსურდა, რომ კანადურ-ქართული ურთიერთობების განვითარების შესახებ ჩვენი ენთუზიაზმი გადაგვეცა ტრენინგის მონაწილეებზე. კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის ორგანიზაციული ხედვა ხომ არის „მეტი კანადა საქართველოში და მეტი საქართველო კანადაში“! და, რა თქმა უნდა, გვსურს რომ მეტმა ადამიანმა – საქართველოში თუ კანადაში, წვლილი შეიტანოს ამ ხედვის რეალიზაციაში.

სხვათა შორის, ტრენინგზე გვყავდნენ ძალიან საინტერესო მსმენელები, მათ შორის უკვე შემდგარი, წარმატებული ქალი-ლიდერები თავიანთ სფეროებში. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სექტორები: ლოგისტიკა, კვების მრეწველობა, აგრარული მრეწველობა, მეღვინეობა, ქსელური მარკეტინგი და კოსმეტიკა, ბიზნესსერვისები, საგანმანათლებლო სერვისები, მედია და სხვა. მსმენელებს ექნებათ საშუალება, დაგვიკავშირდნენ და ითანამშრომლონ პროფესორ ასატრიანთან და ჩემთან როგორც პირადი პროფესიული განვითარების მიზნით, ასევე კანადის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით.

სამომავლოდაც თუ აპირებთ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას?

კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა თანმიმდევრულად გაზრდის თავის საქმიანობას კანადური ნოუ-ჰაუს და ტექნოლოგიების საქართველოში გავრცელების მიმართულებით. იმედი გვაქვს „ფორტუნა აკადემიასთან“ ერთად, კვლავ შევძლებთ ორგანიზაციული მართვის და საერთაშორისო ბიზნესის საკითხებზე ტრენინგების შეთავაზებას ქართული აუდიტორიისათვის.

აგრეთვე, კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა არის წევრი ორგანიზაცია იმერეთის აგროზონის პროექტთან არსებული „მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრისა“ და გეგმავს, აგრობიზნესის მართვის მიმართულებით კანადური უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების შემოტანას საქართველოში, რომელიც ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება აგრობიზნესით დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

რას წარმოადგენს კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა, როდიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე?

„კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა“ არის კანადის არასამთავრობო, აპოლიტიკური, არა მოგებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იგი რეგისტრირებულია კანადაში კანადის ფედერალური, არა მოგებაზე ორიენტირებული კორპორაციის სახით და იმართება წევრების მიერ. ჩვენი სავაჭრო პალატის დაფუძნება მოხდა 2021 წლის ოქტომბერში და დროში დაემთხვა კანადის მიერ საქართველოს აღიარების და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის საიუბილეო წლებს (2021 და 2022 წლები). მოკლე ვადაში მოვახერხეთ და გავხდით კანადის სავაჭრო პალატების ქსელის აღიარებული წევრი-ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს 400-ზე მეტ სავაჭრო პალატას და ბიზნეს ასოციაციას კანადაში. ჩვენი სავაჭრო პალატის მისიაა კანადასა და საქართველოს შორის ბიზნესსა და სხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხარდაჭერა და ლობირება, როგორც კანადაში ისე საქართველოში.

კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა თავის საქმიანობას შლის პირველ რიგში კანადის მასშტაბით, რათა ამ მთელ კონტინენტზე გადაჭიმულ ქვეყანას უკეთ გააცნოს საქართველო და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობების პერსპექტივები. საქართველოში უკვე გვყავს რამდენიმე წევრი და იმედი გვაქვს სულ მალე გავხსნით წარმომადგენლობას რათა უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ იმ ორგანიზაციებთან თუ მეწარმეებთან რომელთაც აინტერესებთ კანადური შესაძლებლობები.

ამჟამად, რა ეტაპზეა კანადურ-ქართული სავაჭრო ურთიერთობები?

კანადა არის დიდი შვიდეულის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. კანადა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან 1992-93 წლებში. კანადა გამოირჩევა თავისი მშვიდობისმყოფელური და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველი ქვეყნის რეპუტაციით. საქართველოსთვის საბედნიეროდ, კანადა არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი მეგობარი და მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე.  მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში კანადურ-ქართული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ათვისებული. ჯერ კიდევ პროცესშია ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების ხელმოწერა და არც კი დაწყებულა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები. იმპორტ-ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმაზე გაცილებით ნელი ტემპით იზრდება, ვიდრე ამის პოტენციალი არსებობს. კანადურ-ქართულ სავაჭრო პალატას იმედი აქვს რომ წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების მასშტაბების სწრაფად გაზრდაში კანადის სამთავრობო სააგენტოებთან, კანადაში საქართველოს საელჩოსთან და კერძო ბიზნესებთან თანამშრომლობით.

ვიცი, რომ საქმიანობთ საგანმანათლებლო კუთხითაც. ამ საკითხზე რას გვეტყოდით დამატებით?

ამჟამად, ვარ კანადის პროვიდენსის უნივერსიტეტის ბულერის ბიზნესის სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი. კანადის უმაღლესი განათლების სფეროში ვმუშაობ 2010 წლიდან როგორც ლექტორი და როგორც ბიზნესსაგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. ჩემი მოვალეობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო სტუდენტური მობილობის ხელშეწყობა და კანადაში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა. ვარ ლიცენზირებული საერთაშორისო სტუდენტების საემიგრაციო კონსულტანტი კანადაში და იმედი მაქვს საქართველოდან სტუდენტების კანადაში მოზიდვის. გარდა უმაღლესი განათლების საუკეთესო და თანაბარი დონის ხარისხისა, კანადის უმაღლესი სასწავლებლები გამოირჩევიან სტუდენტებისთვის დამატებითი სერვისებით, მათ შორის კანადაში პრაქტიკუმების გავლის და კარიერის აწყობაში დახმარების თვალსაზრისით. ყველა, ვინც კანადური უმაღლესი სასწავლებლის მინიმუმ ორ წლიან ხარისხის პროგრამას დაასრულებს, სახელმწიფო მათ აძლევს სამწლიან სამუშაო ვიზას კანადური პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. უმაღლესი სასწავლებლები კანადაში ინტენსიურად მუშაობენ საერთაშორისო სტუდენტებთან, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ კურსდამთავრებულთა სამუშაო ვიზის პროგრამიდან.

როგორ უნდა მოხვდნენ ქართველი ახალგაზრდები კანადაში სასწავლებლად? რა რჩევებს მისცემდით მათ?

მთავარი არის, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის კარგად ფლობა. თუმცა, ცხადია, კანადაში არსებობს ინგლისურის ინტენსიური კურსებიც, რომელიც მათ უკეთ მოამზადებთ აკადემიური პროგრამისათვის.  ამერიკისგან განსხვავებით, კანადის უმაღლეს სასწავლებლებს უფრო მეტად აქვთ სტანდარტიზებული განათლების ხარისხი და უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან სწავლის გადასახადის ოდენობის თვალსაზრისითაც, თუმცა, აქაც არის განსაკუთრებულად დიდი სწავლების გადასახადის მქონე სასწავლებლები. რჩევები ბევრია და ინდივიდუალური. თუმცა ერთი კარგი სტრატეგია შემიძლია შევთავაზო სტუდენტებს საქართველოდან: მოძებნონ ფინანსურად შედარებით ხელმისაწვდომი კანადური სასწავლებელი, გაიარონ მინიმუმ ორწლიანი ხარისხის პროგრამა, რომლის დროსაც მათ საშუალება ექნებათ ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ კიდეც, შემდგომ გამოიყენონ ის სამწლიანი კურსდამთავრებულთა სამუშაო ნებართვა რაც ზემოთ ვახსენე და ამ ხუთი წლის შემდგომ, შეძლებენ კანადის მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღებას. ეს კი მისცემთ საშუალებას გაცილებით ნაკლებ ფასად (კანადური სტატუსის მქონე სტუდენტები 40%-50%-ით ნაკლებ სასწავლო გადასახადს იხდიან) და სახელმწიფო, დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების დახმარებით გააგრძელონ სწავლა უფრო პრესტიჟულ და ძვირიან უმაღლეს სასწავლებლებში. ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები