LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნას“ წამყვანები, მარიდეა და გურიჩა „Hello“-ს ფურცლებზე (ფოტო)

501

რადიო ფორტუნას“ წამყვანები, მარიდეა გელაშვილი და გურამ (გურიჩა) ქვრივიშვილი „Hello“-ს ოქტომბრის ნომრის ფურცლებზე აღმოჩნდნენ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში დაიბეჭდა. სრული ვერსიის წაკითხვა გამოცემის ოქტომბრის ნომერში შეგიძლიათ.

მათი ხმები ყველასთვის მშობლიური, საყვარელი და სასიამოვნოა. FM 106.9-დან ყოველდღე სწორედ ისინი გვამხნევებენ და ჩვენს განწყობაზე ზრუნავენ. გურამ (გურიჩა) ქვრივიშვილი, საკმაო ხანია, „ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანია, მარიდეა გელაშვილი კი ცნობილი ჰოლდინგის გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

„ფორტუნა“ ჰოლდინგი ხშირ შემთხვევაში ყველასთვის ტრამპლინია. როგორ მოხდა თქვენ შემთხვევაში?

გურიჩა:

ჩემთვის რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ პირდაპირი მნიშვნელობით ტრამპლინი იყო – არა მარტო კარიერული თვალსაზრისით, არამედ პირად ცხოვრებაშიც. სწორედ აქ შევიძინე ის უახლოესი მეგობარი და სულის მეორე ნახევარი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. გარდა ამისა, სწორედ „ფორტუნაში“ განვვითარდი. ამ კომპანიაში ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მოვედი. რადიოს ე.წ. ნიუსრუმში მინდოდა შეხედვა, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩემი ხმა მოეწონათ და მუსიკალური წამყვანის პოზიცია შემომთავაზეს. ამას მოჰყვა ისიც, რომ საკუთარი თავი კომერციული თვალსაზრისითაც დავტვირთე. ხშირად ვახმოვანებ სარეკლამო რგოლებს, სერიალებსა და ფილმებს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პორტალზე დავიწყე მუშაობა, სადაც მხატვრულ ფილმებს ვახმოვანებ.

მარიდეა, თქვენ „ფორტუნას“ ოჯახს შედარებით გვიან შეუერთდით. როგორია ამ ჰოლდინგში მუშაობის პირველი გამოცდილება?

მარიდეა:

„ფორტუნაში“ უკვე მეორე წელიწადია, ვმუშაობ, თუმცა რადიოსივრცეში მუშაობის გამოცდილება მქონდა. 4 სხვადასხვა რადიოსადგურში მიმუშავია, მაგრამ აქ თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ „ფორტუნამ“ განვითარების უფრო დიდი საშუალება მომცა. გულახდილად გეტყვით, რომ „ფორტუნა“ ჩემთვის ბავშვობიდან უსაყვარლესი რადიოა. გარკვეულწილად, ჩემთვის საოცნებო ადგილას მოვხვდი.

თქვენთვის რა დატვირთვა აქვს „ფორტუნას“ ქართულ მუსიკალურ სფეროში?

გურიჩა:

გარდა იმისა, რომ ფორტუნას მოსმენა უბრალოდ სიამოვნებაა, ეს რადიოსადგური ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მუსიკოსებისთვის, კომპოზიტორებისა თუ ხმის რეჟისორებისთვის. ამის ნათელი მაგალითი პროექტი „ოქროს ტალღაა“. ეს პროექტი უდიდესი მოტივაციაა ხელოვანი ადამიანებისთვის. ზოგადად, „ფორტუნა“ ყოველთვის ფიქრობს მსმენელსა და შემსრულებელზე. ასე რომ, ეს სამი რამ უწყვეტ წრეს ქმნის.