LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს

284

ფოთის ნავსადგური უამინდობის გამო, შეფერხებებით მუშაობს. ტვირთების ნაწილის გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა.

წლევანდელი ზამთრის  მკაცრი მეტეოპირობების გამო,  3 დეკემბერს  ღამით ძლიერი შტორმის შედეგად  ფოთში  ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს  მიაღწია.

მდინარე რიონის ადიდებამ ზღვაში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღის ჩატანა გამოიწვია. შედეგად, ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ასეთი მოცულობის ქვა-ღორღის შეტანის ფაქტი და სტიქიური მოვლენები,ბოლო  ათწლეულის განმავლობაში  მეტეოროლოგებს არ ახსოვთ.

დღეს,  ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის ნავსადგურში  არსებული  მდგომარეობის  გამო  ნავსადგურის მმართველ კომპანია  „APM ტერმინალსის“ კომერციულ დირექტორს, ჯოზეფ ქროულს  შეხვდა.

მხარეებმა  ფოთის  ნავსადგურში  არსებულ  მდგომარეობასა  და  ვითარების  გამოსწორების  ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი  სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს.  ტვირთების ნაწილის  გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24 საათიან რეჟიმში  ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული  ფოთიდან გადამისამართებული გემების  მომსახურების პროცესში. მენეჯმენტი ცდილობს გადააწყოს მისი რესურსები  გემების დროული მომსახურების მიზნით“ – განაცხადა დავით ხუციშვილმა.

ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანიის „APM ტერმინალსის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით,  7 მეტრამდე არხის  გასაღრმავებლად, დაახლოებით 10 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, ხოლო 9 მეტრამდე – დამატებით 60 000 კუბური მეტრი. ამისთვის კომპანიას  ბულგარეთიდან სპეციალური  ტექნიკა  შემოყავს.

მანამდე კი გემების მომსახურება  ბათუმის ნავსადგურში მიმდინარეობს, რათა პრობლემები არ შეექმნას ბიზნესის იმ ნაწილს, რომლებიც ფოთის პორტის მომსახურებაზე არიან დამოკიდებულნი.  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  სამინისტრო ყველა შესაბამის  სამსახურთან  კოორდინაციის  რეჟიმში  მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი ნავსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირება.

ამინდის შედარებით  გაუმჯობესების გამო, დღეიდან  ნავსადგურის  შესასვლელი არხის  გაწმენდისა და გაღრმავების სამუშაოები  ინტესიურად დაიწყება  და  ეტაპობრივად გაიზრდება ნავსადგურში გემების მიღების შესაძლებლობა.  პრობლების სრული აღმოფხვრა 28 დეკემბრამდეა დაგეგმილი.