LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: “ვერ ვიტყვი, რომ მოიწყინეს” – როგორ გაატარეს კარანტინის პერიოდი თბილისის ზოოპარკის ბინადრებმა

390
zoonews

ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკი, კარანტინის შემდეგ, უკვე 1 კვირაა თბილისის ზოოპარკიც გაიხსნა. კორონავირუსული პანდემიის გამო, დამთვალიერებლების გარეშე ცხოველებმა 2 თვე გაატარეს. თუმცა როგორც თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მზია შარაშიძე “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, ზოოპარკის ბინადრებს დამთვალიერებლების ნაკლებობას დიდად არ შეუწუხებია.

“კარანტინის პერიოდში ზოოპარკში ბინადრებისთვის პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, ვერ ვიტყვი, რომ მოიწყინეს. როგორც ადრე, ისინი ყოველდღიურად შესაბამისად იკვებებოდნენ, უტარდებოდათ სხვადასხვა ვეტერინარული პროცედურები, ასევე ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობები, რათა აქტიური და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ ამ პერიოდშიც.  რა თქმა უნდა ვიცავდით არსებულ რეკომენდაციებს, გამოვყავით თანამშრომლები, რომელთაც მძღოლის ფუნქცია შეითავსეს და თანამშრომლები მოჰყავდათ სამსახურში. ასე რომ, ჩვენი ბინადრები ამ პერიოდში უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია”, – აცხადებს ის.

მზია შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზოოპარკში იგივე რეკომენდაციები და შეზღუდვებია დაწესებული, როგორიც სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

“ზოოპარკი ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის კანდიდატია, მათგან მუდმივად ვიღებდით და ვიღებთ სხვადასხვა რეკომედაციებს, ვითვალისწინებთ მათ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს. უკვე 1 კვირაა ზოოპარკი გავხსენით და აქაც ისეთივე შეზღუდვები მოქმედებს როგორც სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში. პირველ რიგში სალაროსთან არის ნიშნულები, რათა დამთვალიერებლებმა ერთმანეთისგან დისტანცია დაიცვან. ტერიტორია ღია სივრცეა, ამიტომ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდირებულია. ჯერჯერობით ბევრი მნახველი არ მოდის, თუმცა დაცვა მუდმივად აკონტროლებს ტერიტორიაზე მათ რაოდენობას. ჯერჯერობით დაკეტილია ეგზოტარიუმი, ასევე არ ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და ატრაქციონები” – ამბობს მზია შარაშიძე.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის პერიოდში ზოოპარკს ახალი წევრები შეემატნენ. დაიბადა სამი ფაფრიანი ცხვარი. მატებას ასევე ირმების, ნიამორების და სხვა ცხოველების ოჯახებში ელოდებიან.

 


|

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები