LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები ტოჩინოშინის ქორწილიდან… იაპონური ტრადიციებითა და ქართული დასასრულით

tochinoshinis-qorwili-kda

იაპონია კუნძულოვანი ქვეყანაა. ასეთი სახელმწიფოები როგორც წესი, თავისებურად, სხვებისგან იზოლირებულად ვითარდებიან და მეტად საინტერესო კულტურა, ტრადიციები და ეთნოგრაფია უყალიბდებათ.

იაპონელები დღესაც მკაცრად იცავენ ძველისძველ ტარდიციებს, ტექნიკაში მოწინავეები სულაც არ ფიქრობენ სუმოს სადაო ეპიზოდებში ვიდეოგამეორების გამოყენებას – შეიკრიბებიან მსაჯები და წყვეტენ ვის მიანიჭონ გამარჯვება, ისე როგორც ასწლეულების წინათ.

ყველაზე მეტად ქორწილებისას ვლინდება ეთნოგრაფიული თავისებურებები. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ქორწილი 2017 წელს სწორედ იაპონიაში გადაიხადა და ცხადია, ადგილობრივ ტრადიციებს საკადრისი პატივიც სცა. ცხადია, ძეგველ ფალავანს არც ქართული ტრადიციები დავიწყებია.

გთავაზობთ ფოტოებს ტოჩინოშინის ქორწილიდან, აქ კი დავძენთ: იაპონელებისთვის მნიშვნელოვანია ქორწილი იყოს ლამაზი, ამიტომაც ტოჩინოშინმა და მისმა მეუღლემ რამდენჯერმე გამოიცვალეს ტანისამოსი.

თავად ლევანიც იხსენებს, რომ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინასწარ, სუმოისტის გრაფიკში იყო გაწერილი, თუმცა ბოლოს, საქართველოდან ჩასულებმა ქართულად მოილხინეს.

– მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში­ ვსწავლობდით, – იხსენებს ლევან გორგაძე, – ჩვენი სიყვარულის ისტორია­ მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადა­ვწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყ­ვანე იაპონიაში, ქორწილი ტოკიოში გადავ­იხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ… იაპონიაში ოცამდე ქართველი­ თუ ვიქნებით. ყველა დავპატიჟე. ცერემონია 3 საათს­ გაგრძელდა, საქართველოში რომ მოვილხენთ ხოლმე ცეკვებითა და თამადის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, აქ ასე არ იციან. ვიჯექი მორჩილად, ლუკმაც არ ჩამიდვია პირში, თუმცა, ცერემონია რომ დასრულდა, ახლობლებთან ერთად მამაპაპურად მოვილხინეთ.

იაპონიაში ყველა რელიგიას პატივს სცემენ და არც ქრისტიანულად ჯვრისწერაა პრობლემა. ტოჩინოშინს არც საჩუქრები მიუღია იაპონურ სტილში…

არადა, მართლაც საინტერესოა: ვაჟის მხარე გოგოსიანებს ხუთ, შვიდ ან ცხრა კონვერტს სჩუქნის. ერთში წერია საქორწილო ხარჯები, მეორეში გამხმარი კალმარია, მესამეში ასევე გამხმარი წყალმცენარეები… მოკლედ, ეს კონვერტები ბარაქიანი ცხოვრების წინაპირობა უნდა იყოს.

თავის მხრივ პატარძლის მხარე ახალ ნათესავებს იმ ხარჯის ნახევარს აძლევს, რაც ქორწილისთვისაა საჭირო. ასევე ხშირია სიძისთვის გოგოს ნათესავების სრული სიის წარდგენა. ეს ქორწილისას აუცილებელია – ნეფე რომ წამოდგება და პატარძლის პაპის დას სახელით მიმართავს, ხომ სასიამოვნო მოსასმენი იქნება?!

 

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები