LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებმა სპორტსმენების პირბადე დაამზადეს – სიახლე სირბილს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის

126
maskforsport

საფრანგეთში შეიქმნა სპეციალური პირბადე, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვას ხელს არ უშლის. ნიღაბი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი და მის შემქმნელებს დიდი იმედი აქვთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, სპორტული დარბაზები მაინც გაიხსნება.

ახალი ნიღბით სირბილი ბევრად უფრო კომფორტული გახდება. ნიღბის ფორმა ისე შეცვალეს, რომ ის ტუჩებს თითქმის არ ეხება და პირთან ღრმა სუნთქვის დროსაც კი არ ხვდება. ეს კი ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბით სირბილის დროს მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

მრავალფენიანი პირბადე ისეთი ქსოვილითაა დამზადებული რომ სახესთან შეხების დროს მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გარდა ამის, გამყარებულია მისი დამაგრების კონსტრუქციაც, რათა სხვადასხვა მოქმედებების შესრულებისას პირბადემ ადგილი არ შეიცვალოს და მისი საშუალებით ვარჯიში მართლაც მოსახერხებელი იქნება.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, ნიღაბი ამჟამად ცდებს გადის და მანამ სანამ ბაზარზე გაიტანენ, ჯანდაცვის სამინისტროს დასტური უნდა მიიღონ.

საფრანგეთში 400–მდე სპორტული დარბაზია დახურული და მოახდენს თუ არა გავლენას პირბადე მათ გახსნაზე, ამაზე მინისტრს საუბარი უჭირს, თუმცა ნიღაბს როგორც კარგ ალტერნატივას ისე განიხილავს.

ნიღაბი სწორად სუნთქვასა და უსაფრთხოების დაცვას შორის არაჩვეულებრივ ბალანსს ქმნის. ის დარბაზების გახსნისას აუცილებელ ატრიბუტად უნდა იქცეს და სპორტსმენებს უსაფრთხოდ ვარჯიშის საშუალება მისცეს“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ–რეალობაში საფრანგეთში ვარჯიში მხოლოდ ღია ცის ქვეშაა ნებადართული. თუმცა, მხოლოდ 18:00 საათამდე, შემდეგ კი ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

დარბაზები, სპორტული ჰოლები თუ საცურაო აუზები კი ოქტომბრის ბოლოდან დაკეტილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები