უძველესი კინოთეატრის შენობა “აპოლო” ახალ სიცოცხლეს იძენს. კინოს შენობის რეაბილიტაციის განხილვას სატელევიზიო გადაცემაში, სოციალურ ქსელში სკანდალი მოყვა.

“ცალ-ცალკე შესასვლელი მდიდრები და ღარიბებისთვის” – პროექტის განხილვისას ამ ფრაზამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

“ფორტუნა” დაუკავშირდა არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მას საუბარი არ დაასრულებინეს და წარმოჩნდა ისე, თითქოს “აპოლოში” მსგავსი დაყოფა იგეგმებოდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება.

არქიტექტორს ამის დასტურად პროექტი მოჰყავს, რომელსაც ორი შესასვლელი არ აქვს.

 

რამდენი შესასვლელი ექნება აპოლოს და იქნება თუ არა ნამდვილად ცალ-ცალკე შესასვლელი დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის?

კინოთეატრ „აპოლოს“ ექნება ერთი მთავარი შესასვლელი – შესასვლელი ლობის მხრიდან. ფრაზა, რომელიც მე ვთქვი გადაცემაში, ეხებოდა ლა სკალას. მინდოდა მომეყოლა, როგორ შეიქმნა 200 წლის წინ ლა სკალა – რომ ეს იყო ბურჟუაზიისა და პროლეტარებისთვის სივრცე, სადაც ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, თანდათან კი ეს სივრცე გადაიქცა სუპერდემოკრატიულ ადგილად. მე, როდესაც იტალიაში ვსწავლობდი, ლა სკალაში შევდიოდი 10 ევროდ და ერთ სივრცეში ვიმყოფებოდი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც 400 ევროდ შეიძინა ბილეთი.

აღნიშნული მაგალითის მოყვანით, მინდოდა ამ ტრანსფორმაციის სისწორისთვის გამესვა ხაზი და აღმენიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს მუდმივი მაყურებელი, პირველ რიგში სტუდენტები. თუმცა  აზრი შემაწვეტინეს და წარმოაჩინეს ისე, თითქოს “აპოლოში” ხდება მსგავსი სეგრეგაცია, როგორიც იყო ლა სკალაში მე-18 საუკუნეში.

ჩემი სიტყვების დასტური არის პროექტი, რომელიც ატვირთულია მერიის საიტზე, სადაც ჩანს, რომ არანაირი ორი შესასვლელი კინოთეატრ „აპოლოს“ არ აქვს.

 

რა მდგომარეობაშია ამ ეტაპზე „აპოლოს“ პროექტი?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამუშავება, ზონდაჟების აღება, ფერთა კვლევა, სტრუქტურული გამაგრებითი ნახაზის მზადება. აგრეთვე კეთდება აკუსტიკური, რესტავრაციის და საინჟინრო პროექტები.

რა ძირითადი საკითხები გაითვალისწინეთ პროექტის შემუშავებისას?

ინტერვენციის მიზანი იყო ის, რომ გაცოცხლებულიყო შენობა სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისთვის და ყოფილიყო ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ინტეგრირებული. ამისთვის პროექტში შევიტანეთ ისეთი საზოგადოებრივი ფუნქციები როგორიცაა, საგამოფენო სივრცეები, საერთო სამუშაო სივრცეები და ა.შ.

რაც შეეხება კინოდარბაზს, იარუსის დონეზე გვაქვს სტაციონალური სკამები ძველი განლაგებით. ქვედა დონე, პარტერის ნაწილი იქნება ტრანსფორმირებადი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას  იმუშაოს როგორც სტანდარტულმა კინოთეატრმა, ასევე  სხვადასხვა ტიპის პერფორმანსებისთვის  განკუთვნილმა სივრცემ.

მაგალითად: მოხდეს  ძველი ფილმების რეტროსპექტიული ჩვენება, ძველ-მცირე მოცულობის ეკრანზე და ამ ფონზე იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება და არანჟირება მუსიკალური პერფორმანსების სახით.

თანხმობა მიღებულია, თუმცა როგორც ამბობთ, თქვენ ღია ხართ სხვადასხვა აზრების თუ შენიშვნების მისაღებად – როდიდან დაიწყება რეაბილიტაცია?

თანხმობა მიღებულია ესკიზურ პროექტზე, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია.

პროექტირების პირველივე დღიდან მქონდა შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეების ფართო საზოგადოებასთან, ასევე კინოფესტივალების დირექტორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ვისაც რაიმე ინტერესი აქვს პროექტში საზოგადოებრივი ჩართულობისა.

როდის გვექნება დასრულებული სურათი?

ზუსტი ვადა არ გვაქვს, საბოლოო ნახაზები ინტერიერის ჩათვლით სავარაუდოდ 6 თვეში იქნება. ვფიქრობთ, რომ 3 წელი მაინც გაგრძელდება სამუშაოები.

 

 

სრული გადაცემა და სიტყვები, რომელსაც სკანდალი მოჰყვა:
ახალი კინოთეატრი საქართველოში, სადაც მდიდრებს და ღარიბებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნებათ

 

ტეგები: აპოლო
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები