LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრები კარანტინით გამოწვეული მენტალური აშლილობების ,,ცუნამს” ელიან

189
mental illness after lockdown

ფსიქიატრები კარანტინით გამოწვეული მენტალური აშლილობების ,,ცუნამს” ელიან, კვლევის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი” აქვეყნებს. ისინი განსაკუთრებით ბავშვების და მშობლების გამო შიშობენ, რომლებიც შესაბამის დახმარებას ვერ იღებენ, რადგან დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, ოჯახები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და გარდა ამისა, მათ საავადმყოფოებში მოხვედრის შიში აქვთ.

პროფესორი ვენდი ბარნის განცხადებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის პრეზიდენტი გახლავთ, Covid-19-ის დამანგრეველი ეფექტების ხილვა უკვე შესაძლებელია, რადგან გაიზარდა პაციენტების მიმართვიანობა გადაუდებელი დახმარებისათვის.

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1300 ფსიქიატრი მონაწილეობდა უჩვენა, რომ მათმა 45%-მა გეგმიური შეხვედრები პაციენტებთან შეამცირა, თუმცა 43%-ს გადაუდებელი დახმარების თხოვნით ახლა უფრო მეტი პაციენტი აკითხავს, ვიდრე ოდესმე.

ბევრი მათგანი ამბობს, რომ იმ პაციენტების უმრავლესობას, რომლებმაც ფსიქიატრებს გადაუდებელი დახმარებისათვის მიმართეს, მენტალური პრობლემები კარანტინმა, თვითიზოლაციამ, მედიკამენტების გარეშე დარჩენამ, უმუშევრობამ და მომატებულმა სტრესმა გაუჩინა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა, დოქტორმა ბერნადკა დუბიკამ აღნიშნა, რომ მისი ბევრი კოლეგის აზრით, ბევრი ბავშვი და მოზრდილი, რომელსაც მენტალური დაავადებები აქვს, შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. გარდა ამისა, ექიმები ხანდაზმული პაციენტების გამოც შიშობენ, რომლებიც ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ ფსიქიატრს კონსულტაციის მისაღებად.

საერთო ჯამში, ბრიტანელ ფსიქიატრებს მიაჩნიათ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კვალდაკვალ აუცილებელია ყველას კარგად ახსოვდეს მენტალური ჯამრთელობის მნიშვნელობა და სახელმწიფოებმა ისევე იზრუნონ მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებზე, როგორც დანარჩენებზე.

კვლევის ფარგლებში ბრიტანეთში გამოკითხული 1000 ადამიანიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ სტრესის ფონზე დეპრესია, უძილობა ან რაიმე სახის მენტალური პრობლემა გაუჩნდათ.

ექსპერტების ვარაუდით, მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები