LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრი: სასტიკი დანაშაულების უმეტესობას ჩადიან ის ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ფსიქიკური დაავადებები

12987
BeFunky-collage (2)

ექიმი-ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე, რამდენიმე დღის წინ, პეკინის გამზირზე მომხდარ შემზარავ ფაქტს ეხმაურება, როდესაც 51 წლის ქალმა მშობლების თვალწინ  მცირეწლოვანს სახის არეში ღრმა ჭრილობები მიაყენა.

რა გახდა სამი წლის ბავშვის დაჭრის მოტივი გაურკვეველია – ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს

ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, თუმცა ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა, მიზეზად კი, ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებს.

როგორც ფსიქიატრი წერს,  საუბარი იმაზე, რომ  “სისასტიკეში ძირითადად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან დამნაშავეები, და სათანადო სერვისებს თუ უკეთ დააფინანსებენ, კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდება, ტყუილია”

გთავაზობთ მის სტატუსს:

“იმის მიუხედავად, ჩვენ რა გვგონია და მედია რას გვიმტკიცებს, სასტიკი დანაშაულების უმეტესობას ჩადიან ის ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ფსიქიკური დაავადებები. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები განსხვავდება, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყოველი 20 სასტიკი დანაშაულიდან მხოლოდ ერთია ჩადენილი მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე პირის მიერ. ფსიქიკურ დაავადებაზე თანდართული ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ზრდის სასტიკი დაავადების ჩადენის ალბათობას. აშშ-ს მონაცემები: მკვლელობაში დადანაშაულებული ყოველი 6 ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს სერიოზული ფსიქიკური დაავადება; თუ თანდართულ ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიას გამოვრიცხავთ – მაშინ მკვლელების მხოლოდ 5%-ს აქვს ფსიქიკური აშლილობა. ამის საპირისპიროდ, ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები სხვებთან შედარებით 5-ჯერ მეტად ხდებიან მკვლელობის, და 25-ჯერ მეტად – სექსუალური დანაშაულის მსხვერპლნი.

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების 25-75% ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში აგრესიული დანაშაულის მსხვერპლი იყო. და ისინი არ ცრუობენ. თუმცა, ძალადობრივი დანაშაულის გამოძიების შემთხვევაში ხშირად მოძალადეს უჯერებენ და არა ძალადობის მსხვერპლ ,,გიჟს”. ახლა ექიმები დავფიქრდეთ: რამდენად ხშირად ვეკითხებით ჩვენს ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს – ყოფილან თუ არა ძალადობის მსხვერპლნი? ეჭვი მაქვს, არც ისე ხშირად. ალბათ არც არასდროს. საჭირო კია. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლნიც ხშირად არიან.
ეს ორი დღეა, ძალიან ვართ აფორიაქებულები ტრაგიკული ამბით – ბავშვის დაჭრით. დიდია ცდუნება, ფსიქიატრიული სერვისების არასათანადო დაფინანსებაზე ვილაპარაკოთ, ხელისუფლებას უყურადღებობა წამოვაძახოთ და ფული მოვთხოვოთ. საქმე იმაშია, რომ ახლა დამატებითი დაფინანსების თუ ფსიქიატრიული სერვისების გაუმჯობესების მოთხოვნით საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ჩვენს ირგვლივ სისასტიკეში ძირითადად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან დამნაშავეები, და სათანადო სერვისებს თუ უკეთ დააფინანსებთ, კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდება. ეს ასე არ იქნება – ტყუილია და იმიტომ, სტატისტიკა სხვას გვიჩვენებს, სტიგმას კი გააძლიერებს.
ჩვენთან ფსიქიატრიული სამსახური უმძიმეს დღეშია და ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ეს კრიმინალურ მდგომარეობას დიდად ვერ შეცვლის”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები