LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადახედოს კონფლიქტის რეგიონებთან დაწესებულ მიმოსვლის რეჟიმს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას მიმართავს

63
BeFunky-collage

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის ქმედითი პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“მომხდარი ადამიანის სიცოცხლისა და ბაზისური უფლებების ხელყოფის სულისშემძვრელი და ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც ერთის მხრივ, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს, მეორეს მხრივ კი კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის სისუსტეს კიდევ ერთხელ ავლენს”- ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის არსებით გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით აშკარად სუსტია.

“ამდენი წლის შემდეგაც, კონფლიქტის რეგიონებთან თავისუფალი, უსაფრთხო და მდგრადი მიმოსვლის რეჟიმის შექმნა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს პირველ რიგში რუსეთის ანექსიური პოლიტიკა აფერხებს, აშკარად სუსტია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი გადაადგილება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემების, მათ შორის ქართველების და აფხაზების საერთო ინტერესებში შედის, ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ამ მიმართულებით ვერ მოხერხდა. პერიოდულად ხდება ე.წ. საზღვრების სრული ჩაკეტვა, ან მიმოსვლის მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დაშვება”.- წერია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ბოლო თვეებში მიმოსვლის პროცესს დამატებით ართულებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც ადამიანებს ზუგდიდში შემოვლითი გზებით შემოსვლისკენ დამატებით უბიძგებს. 

“5 დღიანი კარანტინი მათთვის ოჯახებთან წყვეტისა და გაუმართლებელი სოციალური ტვირთის ფორმას იღებს, რომელიც აშკარად გადასახედია. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი, თუმცა არსებითია მთავრობამ ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად დე-ფაქტო საზღვრის გადმოლახვისას შესაძლებელი გახადოს ტესტირების სისტემის დანერგვა და სწორედ ამგვარად გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება.

ჯანდაცვის სერვისების მიღების გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები რეგულარულად გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიისა და დევნილის შემწეობის მისაღებად, რაც ხშირ შემთხვევაში, მათ ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არის, ვინაიდან მათ ადგილზე ხარისხიანი და დროული სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლიათ. ამ მიზეზით, ხელისუფლებას ევალება გაითვალისწინოს ადგილობრივი კონტექსტი და საჭიროებები გადაადგილების კუთხით შეზღუდვების დაწესებისას”- აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე განცხადებით, ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლება არ თავისუფლდება პოზიტიური ვალდებულებებისგან უზრუნველყოს ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

“ამ პროცესში ხელისუფლებებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიურ, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომა, ამგვარ რეგიონებში უფლებების დაცვისთვის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეგიონების de facto მთავრობებთან მუშაობა ორმხრივად მისაღები და გაზიარებული მიმოსვლის პირობების შესაქმენლად. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ საქართველოში სერვისებისა და სხვა სოციალური სიკეთეების მიღების მიმართ ინტერესი აფხაზ და ოს საზოგადოებებში ასევე არსებობს. ამ კუთხით ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას იმგვარი შეფერხებების შექმა, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებში ექცევა.

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გადახედოს კონფლიქტის რეგიონებთან დაწესებულ მიმოსვლის რეჟიმს და საკარანტინო მოთხოვნები ჩაანაცვლოს სხვა უფრო ადეკვატური და პრაქტიკული მექანიზმით, რაც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასთან დაკავშირებით.
  • უსაფრთხო და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის მიზნით, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მუშაობისა და კომუნიკაციის გზები”.

გუშინ, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

 

 

ფოტოeverydaygeorgia.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები