LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიამ სამედიცინო აპარატურა გადასცა

36
1

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიისგან სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

ცენტრმა აპარატურა საგრანტო დახმარების ფარგლებში მიიღო და ის გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსების მიზნით გადასცეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შპს. კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მოწოდება უზრუნველყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მიღებული აპარატურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. მისივე თქმით, ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“აღნიშნული აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.” – აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირის განცხადებით, აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა პაციენტების სიცოცხელეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდკრიზის გადალახვაში დაეხმარება:

“სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა, პაციენტების გადარჩენას ემსახურება. კოვიდ-19-ის დროს გულთან დაკავშირებული გართულებები ხშირია. ეს სამედიცინო აღჭურვილობა კი პაციენტების სიცოცხელეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდ კრიზის გადალახვაში დაეხმარებ.” – განაცხადა ელჩმა.

პოპულალურები