LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ, რა იყო 2019 წლის 10 მთავარი ეკონომიკური მოვლენა საქართველოში

195
80558176-1434158866764433-4549703588737187840-n

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია 2019 წლის 10 მთავარ ეკონომიკურ მოვლენას ასახელებს და სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

-ტრანს-ანატოლიური მილსადენის ამუშავება (TANAP)

TANAP-ის პროექტის ამოქმედება საქართველოს: ენერგო, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აღნიშნული პროექტით 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 4-მაგდება და დღევანდელი 300 მილიონიდან 1.15 მილიარდ კუბურ მეტრამდე იზრდება, რაც თავის მხრივ დღევანდელი ჯამური მოხმარების დაახლოებით ნახევარს ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბუნებრივი აირის მოცულობას უდრის. უფრო მეტიც, 2026 წლისთვის გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, საიდანაც საქართველო უსასყოდლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 5%-ს იგივე 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს მიიღებს.

– ელექტრომობილები და მზის პანელები

2019 წლის ერთ-ერთი ხელშესახები და უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ელექტრომობილების ქარხანის მშენებლობა ქალაქ ქუთაისში, რომლის დასრულება და პირველი ელექტრომობილის გამოშვება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. პროექტს ჩინური კომპანია „Changan“ განახორციელებს, რომელიც ელექტრომობილების წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ გიგანტ მწარმოებლებთან, როგორებიც არიან: „ფოლკსვაგენი“, „ვოლვო“ და „ფორდი“. როგორც ნავარაუდევია, აღნიშნული მაღალტექნოლოგიური საწარმო წელიწადში 4 სახის მოდელისა და 40 000 ელექტრო ავტომობილის წარმოებას შეძლებს, რომლის 50%-იც უცხოური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, რაღა თქმა უნდა Made in Georgia წარწერით. ეს არის შესაძლებლობა ერთი მხრივ ინვესტორისთვის, გამოიყენოს საქართველოს ბიზნესგარემო და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე წვდომისათვის, მეორე მხრივ – საქართველოსთვის, განავითაროს წარმოების ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიებისა თუ ცოდნის შემოდინებასა და დასაქმებას. აღსანიშნავია რომ ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად საქართველოში წელს საფუძველი ჩაეყარა მზის პანელების წარმოებასაც, რომელიც აგრეთვე მაღალტექნოლოგიური დარგია და შესაბამისად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

– რუსეთიდან ფრენების აკრძალვა

2019 წლის 8 ივლისს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოცემული ბრძანება ორმხრივი პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად ნეგატიურ მოვლენად შეაფასა. როგორც სტატისტიკა მეტყველებს, რუსი ტურისტებისთვის საქართველო საკმაოდ მიმზიდველი დანიშნულების ადგილია. მაგალითისათვის, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 254,077 რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21.7%_ით მეტი გახლდათ. ამასთან ერთად, ტურისტების მნიშვენლოვანი ნაწილი სწორედ საჰაერო გზით სარგებლობდა, კერძოდ 2018 წელს – 32%, ხოლო 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით კი – 42%. შესაბამისად „საჰაერო ემბარგომ“ საქართველოს ეკონომიკას მნიშვენლოვანი ზიანი მიაყება (ძიღითადად არმიღებული შემოსავლების სახით). აქვე აღსანიშნავია, რომ არანაკლები ზიანი რუსულ მხარესაც მიადგა, მათი ავია და ტურისტული კომპანიების ზარალის და არმიღებული შემოსავლების სახით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საკითხის პოლიტიზირებულობასა და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების საჭიროებაზე.

– Ryanair-ის შემოსვლა

საბედნიეროდ, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების საფუძვლები საქართველომ 2019-სავე წელს ჩაუყარა. კერძოდ, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით, რომელთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წლამდე ვერავინ შეძლო მათი დაინტერესება ქართული ბაზრით. კომპანია Ryanair-ი ფრენებს უკვე ასრულებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით, ხოლო 2020 წელს კი მრავალი ახალი მიმართულების დამატება იგეგმება. ვიმედოვნებთ, რომ Ryanair სრულად გამოავლენს თავის პოტენციალს და კომპანია Wizzair-ის მსგავსად დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს ქართულ საჰაერო სივრცეში, მისცემს შესაძლებლობას ქართველ მგზავრებს, რომ შეღავათიანი ფასებით იმგზავრონ ევროპაში, ხოლო ევროპელ ტურისტებს კი მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მიმზიდველ დანიშნულებად აღიქვან საქართველო.

– ფორსაჟი

ჰოლივუდის ფილმის – „Fast and Furious 9“- ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდა. ერთი შეხედვით მორიგი ფილმის გადაღებას, რომლის ბიუჯეტიც არცთუ განსაკუთრებული გახლდათ (32 მილიონი ლარი), წლის ათეულში ადგილი არ უნდა დაემკვიდრებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება მიიქცია თავად მოვლენამ, რომელიც სცილდება უბრალოდ ფილმის გადაღებაზე დახარჯულ მილიონებს და საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული ფილმის გადაღების პრაქტიკა არამხოლოდ ზრდის საქართველოს ცნობადობას საზღვარგარეთ, არამედ ზრდის აღნიშნული ინდუსტრიის წარმატების შანსებს ადგილობრივ დონეზეც, ანვითარებს შესაბამის უნარ-ჩვევებს და ინფრასტრუქტურას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფოსრაჟის გადაღებას მოჰყვა სხვა წარმატებული ჰოლივუდური პროექტების მხრიდან დაინტერესება საქართველოში ფილმების გადაღებაზე. მსოფლიოში არსებობს უამრავი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც კონკრეტული წარმატებული ფილმის გადაღებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევა სწორედ ერთ-ერთი მათთაგანია.

– საპენსიო სააგენტოს ამუშავება

მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული – დაგროვებითი საპენსიო სისტემა, საქართველოში მრავალი ვნებათა ღელვის საგნად იქცა, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში. ხშირი იყო მოწოდებები საპენსიო სისტემის დატოვების, მასთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევიდან გამომდინარე. თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საპენსიო სისტემაში დაგროვილმა შენატანებმა 4.91 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა საპენსიო ფონდის სახით ქვეყანაში სოლიდური საინვესტიციო ფონდიც ჩამოყალიბდეს (საპენსიო ფონდისთვის დამახასიათებელი ინვესტირების შესაბამისი სტანდარტების დაცვით). გამოწვევებს შორის, რომელიც აღნიშნულ მოვლენას უკავშირდება არის: გრძელვადიანი არასტაბილურობის განცდა, წლების შემდგომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი, სახსრების არაკეთილსინდისიერად ან/და არაპროფესიონალურად დაბანდების რისკი და ა.შ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ხარჯების ისედაც დიდი წილის ფონზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება (2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი 800 ათასიდან 1 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება), კერძო შენატანებზე დაფუძნებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას (დამსაქმებლის და სახელმწიფოს კონტრიბუციის გათვალისწინებით) ალტერნატივა არ გააჩნია.

– ინვესტიციების შემცირება

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. პოზიტიურ ჭრილშივე შეიძლება შეფასდეს მესამე კვარტალში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების 60%-იან მაჩვენებელზე გადაჭარბება. თუმცა, სამწუხაროდ ჯამურად, 9 თვის მონაცემებში, კლებაა დაფიქსირებული, კერძოდ: 2018 წლის პირველ 3 კვარტალთან შედარებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების კლებას ობიექტური მიზეზებიც გააჩნია, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბული სტრატეგიული მილსადენების მშენებლობის დასრულებაა.

– ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ის აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით. მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობს ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად უნდა განვითარებულიყო. ინვესტიციის საერთო მოცულობას კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შეედგინა. სამწუხაროდ, აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2019 წელს მრავალჯერ გახდა დავის საგანი და მედია გაშუქების ობიექტი. მოიუხედავა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, აღნიშნულმა პროექტმა დაგეგმილი განვითარება მაინც ვერ შეძლო. მაღალი ალბათობით, ანაკლიის პროექტი აქტუალობას არც 2020 წელს დაკარგავს, იმედი გვაქვს პოზიტიური კუთხით.

– 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს

მასშტაბური საპრივატიზაციო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული. აუქციონი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნუსხა განახლებადია და მას სხვა ობიექტებიც დაემატება.

პროექტის პირველი ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, სადაც ჯამურმა ინვესტიციამ 41 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც მათი საწყისი ღირებულება მხოლოდ 30 მილიონი ლარად იყო შეფასებული. ცალკეული პროექტების საბოლოო ფასმა საწყის ფასს 300%-თაც კი გადააჭარბა.

– ექსპორტის ზრდა 2019 წელს

მიმდინარე წელს მთლიანი ექსპორტის 11.7%_იანი ზრდა ფიქსირდება. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (454.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (444.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (353.9 მლნ. აშშ დოლარი). 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 601.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 594.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები