LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გახარია ოპოზიციას გამოაფხიზლებს” – რა მიზნებით ბრუნდება ექსპრემიერი პოლიტიკაში

71
canva-photo-editor (8)

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურ ველზე ახალ–ახალი პარტიები ჩნდება, თუმცა კითხვებია: ეს ახალ–ახალი ყველა საბოლოოდ ერთ თამაშს თამაშობს თუ მართლა ოპოზიციაა. ჯერ იყო ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც მანამდე ქართველობის და ეროვნულობის მანტიას ამოფარებულმა თავი არაერთხელ გამოიჩინა ჰომოფობიური განცხადებებით, აქციებზე კომბლებით და ქამრებით მისული რომ ცდილობდა, თავი ეროვნული ინტერესების დამცველად ეჩვენებინა, მაგრამ ამაზე სხვა დროს…

ცოტა ხნის წინ კი 20 ივნისთან ასოცირებულმა ყოფილმა პრემიერმა გადაწყვიტა ოპოზიციონერად მობრუნებულიყო.

გიორგი გახარიას, პრინციპში, ადრევე ჰქონდა ღიად ნათქვამი, რომ ის პოლიტიკიდან არსად წასულა. შემდეგ ამას მოჰყვა ნელ–ნელა მისი მომხრეების მიერ „ქართული ოცნების“ გუნდისა თუ სხვადასხვა თანამდებობის დატოვება. ამასობაში დაანონსდა პარტიის პრეზენტაციაც და კიდევ ერთი გაერთიანება „საქართველოსთვის“ შეიქმნა.

იმდენი პარტიის სახელწოდებაშია სიტყვა „საქართველოსთვის“, მართლა ამდენი ადამიანი რომ ფიქრობდეს ამ პატარა ქვეყანაზე, იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ, მაგრამ ახლა გასარკვევია – სად ვიქნებით ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. 

გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე დაბრუნებამ ცხადია, ყურადღება დაიმსახურა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამდე მას საკმაოდ მაღალი პოზიციები ეკავა, ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული პირი იყო და ყველას აინტერესებს, ის მართლა უპირისპირდება ივანიშვილს, როგორც ოპოზიცია, თუ ოცნების დამფუძნებლის ახალი პროექტია.

 

 

გახარიას მთავარი პოლიტიკური გზავნილები

 

პარტიის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა თავიდანვე გარკვევით თქვა, ის, რასაც ალბათ ბევრი ელოდა: „ჩვენ არ ვართ არავის წინააღმდეგ“. სულ რომ აღარ გავაგრძელოთ საუბარი, ალბათ, ამ ერთი წინადადებითაც ირკვევა, რომ ის არ იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა შეიძლება, მოქალაქეების ნაწილს მაინც ჰქონოდა კითხვა, მერე რა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის პროექტიაო. ამ თემაზე კიდევ უფრო მეტად ნათელი მოჰფინა თავად გახარიამ, როცა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მას ჟურნალისტებმა ვერაფერი ათქმევინეს ბიძინა ივანიშვილზე. გახარიამ თქვა: „ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“. არც არაფორმალური მმართველი უწოდა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქვეყანაში , სამწუხაროდ, არაფორმალური მმართელობის კულტურაა. მისგან ყველაზე მეტად ალბათ ელოდნენ 20 ივნისთან დაკავშირებით რაღაც ახლის თქმას, ან ნაწილობრივ აღიარებას, რომ ეს ცუდი იყო, ან იმის თქმას, რომ მას ბრძანება არ გაუცია. იმედები უნდა გაგიცრუოთ.

2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება, რაის ამნისტია????: მაკო გომური

მედიით გავრცელებულ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილ შეთანხმების პუნქტებზე, სადაც საუბარი ამნისტიის გამოცემაზეა, მაკო გომური Facebook-ზე ეხმიანება. 

იმ მძიმე ღამიდან  ორი წლის შემდეგ, გიორგი გახარიას რიტორიკაში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით საუბრის ერთ ეპიზოდს როცა ჯერ თქვა, რომ ბრძანება არავის გაუცია, მერე თქვა, რომ ბრძანება გაცემული იყო და ის თავად უყურებდა ყველაფერს ფანჯრიდან. გიორგი გახარიას თქმით, დაზარალებულებზე, მაკო გომურზე მათ შორის მასთან ერთად პასუხისმგებლობა, მორალური მაინც, იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

არადა, გომურის ისტორია ყველასთვის ცნობილია. მას არავინ არაფრისკენ მოუწოდება. ღამის 12 საათზე სამსახურიდან სახლისკენ ბრუნდებოდა და გზად მიმავალი აქციაზე რობოკოპების დანახვის შემდეგ შეყოვნდა.

მოკლედ, ამ სიღრმეებში რომ აღარ შევიდეთ, რაც მკითხველმა ისედაც კარგად იცის, გადავწყვიტეთ, პოლიტოლოგებისთვის გვეკითხა აზრი, რა გაიგეს გიორგი გახარიას განცხადებებიდან, რა დასკვნა გამოიტანეს, ბოლობოლო ვის თამაშს თამაშობს, ივანიშვილის თუ დამოუკიდებელი თამაშის წესები აქვს.

 

 

ვისი კაცია გახარია

 

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რა მიზნით და ვისი ზურგით ბრუნდება გახარია პოლიტიკაში, მას კარგი სტარტი ექნება, თუნდაც იმიტომ რომ მათი თქმით, გადადგომის მომენტში მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. სხვათაშორის, გაგახსენებთ, IRI -ის მიერ 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევას, სადაც გახარიას გამოკითხულთა 63% უჭერდა მხარს. როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, გახარიას სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ისიც იმუშავებს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების არც თუ ისე მცირე ნაწილი მმართველი პარტიით იმედგაცრებულია.  რადიო „ფორტუნა“ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ამომრჩეველთა გადანაწილება იწყება. გახარიას რაც შეეხება, მისი თქმით, ის სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველზე იმუშავებს.

„ოპოზიციას გახარიას გამოჩენა ერთგვარად გამოაფხიზლებს. მათ მოუწევთ შეცდომების გაანალიზება და ამომრჩევლის რეალურ მოთხოვნებზე ორიენტირება. ისინი უნდა გასცდნენ ტელეეკრანის ჩარჩოებს იმიტომ, რომ ბოლო თვეების მანძილზე თითქმის არ გვინახავს ხალხთან გასული და ხალხთან მისული პოლიტიკოსი,“ – ამბობს ლაგაზიძე.

პოლიტოლოგის აზრით, ერთადერთი პარტია, რომელსაც გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით ამომრჩევლის დაკარგვა არ ემუქრება, ნაციონალური მოძრაობაა“.

კიდევ ერთი ექსპერტი გია ნოდია კი ხაზს უსვამს, რომ გახარია ოპოზიციონერად კი არა, პოლიტიკოსადაც ვერ ჩამოყალიბდა. ის არ თვლის, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და ამის დასტურად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გაბრაზება მოჰყავს. ნოდიამ გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში ის ვრცლად წერს მის შეფასებას და კონკრეტული არგუმენტებით ამყარებს საკუთარ მოსაზრებას.

„ივანიშვილის პროექტი რომ იყოს, ცოტა უფრო კარგად უნდა თამაშობდეს „ნამდვილი“ ოპოზიციონერის როლს. „ახალი გახარია“ და მისი პარტია ოცნების დაშლის პროცესის ერთ-ერთი ეტაპია. 

მაგრამ მე რას ვთვლი, არა აქვს მნიშვნელობა. გახარია პოლიტიკოსი ვერ გახდება, სანამ კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ პოზიციებს არ გამოხატავს. თუ მკაფიოდ, კონკრეტული ფაქტების და გვარების გამოყენებით, არ იტყვის, კონკრეტულად რა არის მიუღებელი მთავრობის პოლიტიკაში, ის ოპოზიციონერად ვერ ჩაითვლება და ხალხში „ბიძინას პროექტის“ იმიჯი შერჩება. „პოლარიზაცია ცუდია“ პოზიცია არ არის, ეს პოზიციის არქონის გამართლებაა. ხოლო თუ პოზიცია არა გაქვს, რა გინდა პოლიტიკაში,  “ – წერს ნოდია.

ახლა ყველა ელოდება, ვის დაასახელებს გახარია თბილისის მერობის კანდიდატად და როგორ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. პარალელურად უცნობია, რა სტრატეგიით იმუშავებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ 43%–ზე მეტი ვერ აიღოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები