LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალში თავის მოსაკლავად ხომ არ წავიდოდა, ნაწამებია – ირაკლი კვარაცხელია სენაკის ტაძრიდან გამოასვენეს

107
12

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს.

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიასთან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

„ნაწამები რომ არის ბავშვი ხომ ეტყობა. აბა გალში თავის მოსაკლავად ხომ არ წავიდოდა. ეს არის ნაწამები,“-აცხადებს “რუსთავი 2-თან” გარდაცვლილის ახლობელი.

ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილს დაზიანებები სახისა და კისრის მიდამოებში აღენიშნება, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია სიკვდილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

“სახლში ბრუნდებოდა და როგორც წარმოგიდგენიათ, თვითმკვლელობისთვის რუსეთის ბაზაზე შეიარა, რომ თავი მოეკლა? ეს ხომ წარმოუდგენელი რამაა. ეს გამორიცხულია. რამ გამოიწვია სიკვდილი, ელექტროშოკმა თუ ცემამ, ამაზე ექსპერტიზა გაგვცემს პასუხს,” – განაცხადა ოჯახის ახლობელმა თეა გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები