LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოჯანმრთელებული ადამიანი ვირუსის მატარებელი არ არის, მსოფლიო 175-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობს: ჯანმო და დაავადებათა ცენტრი მედიას პასუხობენ

263
BeFunky-collage - 2020-09-18T142702.865

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, პრევენციისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ, მედიისთვის ვებინარი გამართა. ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სესია, 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სადაც მედიის წარმომადგენელებს, შესაძლებლობა მიეცათ ჯანმოს რეგიონალური და ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ.

გამომსვლელთა შორის იყო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელება მედიის პრეროგატივაა და ამ მიმართულებით ცენტრი ხშირ კომუნიკაციაზე იმყოფება მათთან. მისივე თქმით, გუნდი, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობს, მუშაობს ქვეყანაში ინფიცირებულთა წყაროს მოძიებასა და კონტაქტების დადგენაზე.

ჩახუნაშვილმა ვიდეოპრეზენტაციაზე ისაუბრა კორონავირუსის ჯგუფებსა და საქართველოში მიმდინარე ვირუსებზე. მან ასევე ვრცლად განიხილა ვირუსის გადაცემის ეტაპები და აღნიშნა, რომ კორონავირუსი, სანამ გლობალურ პრობლემად გადაიქცეოდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დაფიქსირდებოდა, ის ცხოველებში არსებობდა და მუტაციის შედეგად მოხდა მისი გავრცელების არეალის გაფართოვება.

ონლაინ სესიაზე სპეციალისტებმა „ფორტუნას“ კითხვას უპასუხეს და განმარტეს არის თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი მთელი ცხოვრება ამ ვირუსის მატარებელი.

„დაავადებული პაციენტის განკურნება შესაძლებელია. თუ მისი გამოვლენა დროულად ვერ მოხერხდა, ის დიდი ხანი შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც 24-საათიანი შუალედით, 2-ჯერ განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება და პასუხი იქნება უარყოფითი. შემდეგ ის არ არის ვირუსის გამავრცელებელი. გამოჯანმრთელებული ადამიანი მთელი ცხოვრება ამ ვირუსის მატარებელი არ იქნება“, – განმარტა გიორგი ჩახუნაშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია და გარდაცვალების ნაკლები ფაქტები დასტურდება.

კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გრიპის ვირუსის ვაქცინის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში ვაქცინის რაოდენობა ორმაგდება. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვა მიმდინარე სეზონისთვის 200 000 გრიპის ვაქცინას შეიძენს.

რაც შეეხება ქვეყანაში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდულ მაჩვენებელს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ძირითადად მობილობის ზრდას და კონკრეტულად შავი ზღვის საკურორტო ზონას უკავშირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში ისევ უცვლელი რჩება: პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისაგნ თავის შეკავება, დისტანციის და ჰიგიენის დაცვა.

ჯანმოს რეგიონალური ხელმძღვანელი ვასილ ესემანოვი აცხადებს, რომ მსოფლიო 175-ზე მეტი ვაქცინაზე მუშაობს, მათ შორის 34 მესამე ფაზას გადის. ამ მიმართულებით სპეციალისტი მთავარ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობის ხანგრძლივობა, იმუნიტეტის შენარჩუნება და ანტისხეულების გაძლების პერიოდი ვაქცინის შექმნის მთავარი პირობა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები