LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკვლეული ბავშვების ნახევარში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა

192
a doctor or nurse takes blood from a vein in a child of a boy. Blood chemistry; Shutterstock ID 771178429

საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 41%-ს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აქვს. კერძოდ, 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს – ასეთია კვლევის შედეგები, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვი მოიცვა.

ბავშვების კვლევაში ჩართვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა და სინჯები იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს წარმოადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით, საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

შეგახსენებთ, კვლევა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ჩატარებული კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები