LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყარების რესურსი კიდევ არსებობს: ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება

88
lari-vs-dollar

საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარების მიუხედავად, არაერთი ინდიკატორით ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს.

„ძალიან სასიხარულო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარების პროცესი და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გრძელდება. ამასთან, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარების მიუხედავად, არაერთი ინდიკატორით ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს. როგორც ჩვენ ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ზრდის ინტერესს ბიზნეს აქტივობის კუთხით, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან და სხვა.

ამას გარდა, ლარის გამყარების პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის მოთოკავს მზარდ ინფლაციას, ბოლო წლებში ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად და გამოწვევად იქცა“, – აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ლარის გამყარებამ და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ლარისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა.

„ეს კი შექმნის ძლიერ მუხტს ბიზნესსა და ეკონომიკაში და უფრო ეფექტიანს გახდის ფისკალურ, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკას. ლარის გამყარება და გაცვლითი კურსის სტაბილურობა ასევე ხელს შეუწყობს ლარიზაციის პროგრამის უფრო ეფექტიანად და ამ პროგრამის ბუნებრივად და წარმატებულად განხორციელების პროცესს. ზემოაღნიშულის ფონზე, ოპტიმიზმის საფუძველს ამყარებს ის გაუმჯობესებული განწყობები და პოზიტიური მოლოდინები, რაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებში აღინიშნება. ბიზნესასოციაცია კი თავის მხრივ, ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს აერთიანებს და ძალიან კარგად გრძნობს, აღიქვამს და აფასებს ეკონომიკის მაჯისცემას“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები