LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ალბათ, არ არის დრო, გულწრფელად გითხრათ წასვლის მიზეზი – მე და ჩემმა შვილებმა ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ჰქონდეს

162
ამირან გამყრელიძე

თანამდებობის დატოვების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

გამყრელიძე „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკურ შეხედულებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ საქართველო იხილოს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის წევრი:

„გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი…

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი, ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო – ასეა ნათქვამი, ხომ?

თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი, გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს, არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს.

მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს.

ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%.

ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ“, – აღნიშნა ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების შესახებ:

„მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ, ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები