LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2 მილიონ ლარამდე გამოიყოფა

127
education

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს საქართველოს განათლების სექტორს დაფინანსებას გაუზრდის. ამ მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების რიცხვი ცოტა არ არის, თუმცა წინა წლებთან შედარებით თუნდაც საშუალო განათლების დონემ არა წინ წაიწია, არამედ პირიქით, დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ამას მოწმობს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ  ბოლო 3 წელიწადში საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი გაუარესდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით  წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის ტესტირებაში საქართველომ 380 ქულა მიიღო და 76 ქვეყანაში ბოლოდან მე-8 ადგილი დაიკავა. მათემატიკის ტესტირებაში საქართველოს შედეგია 398 ქულა და ბოლოდან მე-13 ადგილი, სამი წლის წინ საქართველომ 404 ქულის მოგროვება შეძლო. რაც შეეხება მეცნიერებას აქ 383 ქულაა და ბოლოდან მე-6 ადგილი, 2015 წელს ეს შედეგი 411 ქულა იყო.

რეიტინგში  ლიდერ ქვეყნებში არიან ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ კონგი, ესტონეთი, კანადა, ფინეთი, ირლანდია, კორეა, პოლონეთი, შვედეთი და იაპონია, საქართველოს კი  მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ მიიღო.

განათლების სისტემა სასწრაფო რეაგირებას რომ საჭიროებს, ამას მთავრობა არ უარყოფს და სწორედ საჭირო პროექტების განხორციელებისთვის იგეგმება თითქმის 2 მილიონი ლარის გამოყოფა ბიუჯეტიდან.

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტიდან განათლების სექტორის დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ თანხიდან 285 მლნ ლარი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5 მლნ ლარით სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10,2 მლნ ლარით განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5 მლნ ლარით გაიზარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.

საქართველოში მოსწავლეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად გატარებული რეფორმებიდან არც ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილის გამოცდილებამ გვიშველა და არც ჯეჯელავას წითელმა ვაშლებმა, თუმცა პედაგოგთა საგამოცდო და სასერტიფიკატო პროცესები კვლავ აქუალური თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები