LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განგაშის ზარია შემოსაკრავი, თაობას ვკარგავთ…” – რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები მოზარდებში: ფსიქოლოგების რეკომენდაციები

225
page

დათუნა სარალიძე, ლევან დადუნაშვილი, გიორგი შაქარაშვილი… მოზარდებს იმეტებენ თავისივე თანატოლები, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების რიცხვი კი მუდმივად, საგანგაშოდ სწრაფად იზრდება. რატომ კლავენ ერთმანეთს და იმატა თუ არა ქუჩურმა გარჩევებმა ჩვენს ქვეყანაში? ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ძალადობის გაზრდილი შემთხვევების მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ, რადგან ახალგაზრდა სწორედ სოციალური გარემოს სარკეა.

მოზარდებში აგრესიის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე “ფორტუნა” ფსიქოლოგიის დოქტორს, პროფესორ ნანა გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

“მოზარდობის ასაკში აგრესიის გამომწვევი ერთმნიშვნელოვანი მიზეზის დასახელება რთულია. მიზეზი მრავალია, გამომდინარეობს როგორც მოზარდის ფსიქოტიპიდან, ანუ პიროვნული მახასიათებლებიდან, ისე სოციალური ფაქტორებიდან: აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები, სასკოლო აღზრდის დეფექტები, არასასურველი სოციალური წრე, თანატოლების მიმართ მიმბაძველობა, ავტორიტეტის მოპოვების სურვილი და ა.შ. ცალკე უნდა გამოიყოს თანამედროვე აგრესიული კომპიუტერული თამაშები, რომლებიც უკვე ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ დამოკიდებულებას იწვევს და აგრესიის ხარისხსაც ზრდის ისედაც კრიტიკულ ასაკში”.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემა ოჯახიდან მოდის და პრევენციის გზებიც აქ უნდა ვეძებოთ.

“ასევე, უმნიშვნელოვანესია მშობლების შვილებისადმი დამოკიდებულება. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს უჭირთ “დიდი” შვილის მიღება, რადგან მათთვის ის ჯერ კიდევ ვერ გაიზარდა, ამ დროს მოზარდს დიდობისადმი მიდრეკილება უკვე აქვს, უჩნდება არასასრულფასოვნების კომპლექსი და ამის დასაძლევად დიდობის დემონსტრირებას ახდენს. აქ უშვებენ მშობლები შეცდომებს. ამასთან, სქესობრივი მომწიფების პერიოდს ისედაც ახასაითებს მომატებული შფოთვა, ფსიქიკური გაუწანასწორებლობა და ბუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება. არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის ოჯახებში არსებული ძალადობა, ასეთ დროს მოზარდი ქცევის მოდელს იღებს მშობლებისგან და პრობლემის მოგვარებას უკვე ნანახი, ცნობილი ხერხით ცდილობს.

ხშირ შემთხვევაში ოჯახური კონფლიქტები, დაძაბული ურთიერთობები ასახვას შვილებში ჰპოვებს. მაგალითად, მე თუ დედამ ან მამამ დამსაჯა, კომპენესაციისთვის ჩემზე სუსტი უნდა დავსაჯო, ეს არის ჯაჭვური რეაქცია. მშობლები არ იცნობენ შვილებს, როდესაც მოდიან მიღებაზე და ვთხოვ დაახასიათონ შვილი, უჭირთ, იმიტომ, რომ დროის დეფიციტის გამო, შვილებთან კონტაქტი დარღვეულია. აღსანიშნავია, რომ გარდატეხის ასაკი 10-დან 21 წლამდე გაიზარდა, თუმცა ესეც სიტუაციურია და მშობლების მიერ ბავშვის აღიარების და მიმღებლობის ხარისხიდან გამომდინარეობს: შეიძლება 40 წლის კაცს დედა პურზე კარაქს უსვამდეს, და 10 წლის ბავშვი დამოუკიდებელი იყოს”.

ნანა გოგიჩიშვილი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ მოზარდის ჯანსაღად განვითარებაში ოჯახს და სკოლას თანაბარი როლი ეკისრება.

“პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეფექტური საშუალება მოზარდებში პრობლემების მოგვარების უნარების გამომუშავებაში დახმარებაა. ძალიან გახშირდა მოზარდებში ძალადობის საშინელი ფაქტები, იგივე ხორავას ქუჩის საქმე, გიორგი შაქარაშვილის საქმე, ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, სად ვცოდავთ მშობლები, სად ვუშვებთ შეცდომებს პედაგოგები, ამის მიგნებაა პრობლემის გადაწყვეტი გზა. საზოგადოების სიმწიფის პრობლემაა. დღეს რომ ბავშვი ცელქობს და ყურადღებას არავინ მიაქცევს, ხვალ, ზეგ წავა და თავისნაირ თანატოლებს შეკრებს, საზოგადობის სიჯანსაღეს შეუქმნის პრობლემას. ხშირ შემთხვევაში, ოჯახი არის პრევენციის უპირველესი წყარო. მშობლობა მიმღებლობას, დათმობას, სწორ მიდგომებს და ენერგიის ჩადებას გულისხმობს შვილებში. განგაშის ზარია შემოსაკრავი, რომ არ დავკარგოთ თაობა, და სწორი ღირებულებები ჩავუნერგოთ, სადღაც რაღაც გვეშლება, მშობელმა და პედაგოგმა ერთობლივად უნდა ითანამშრომლონ და ბავშვების ინტერესებიდან ამოვიდნენ”, – აცხადებს ნანა გოგიჩაიშვილი.

კლინიკური ფსიქოლოგი თამარ იჩუკაიძე კი მიიჩნევს, რომ ძალადობა ყველა დროის დაუძლეველი სენია, რომელიც ყოველთვის იქნება. ჩვენს საზოგადოებაში კი, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები სოციუმში თვითდამვკიდრებას სწორედ ამ გზით ცდილობენ.

“ძალიან რთული სათქმელია რა იწვევს ამ ყველაფერს. აგრესია, განსაკუთრებით მოზარდებში, ყოველთვის იყო, არის და იქნება. სისასტიკე ზოგადად ძალიან დამახასიათებელია მოზარდებისთვის, ამიტომაცაა კრიტიკული ასაკი, მაგრამ არა მგონია ვინმეს ვინმეს მოკვლა უნდოდეს, სქემა ასეთია: როდესაც მოზარდი ძალიან ბრაზდება, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ამ ბრაზს ვერ ერევა, უჩნდება სურვილის ვინმეს სამაგიერო გადაუხადოს. უნდა აღინიშნოს, რომ მასობრივი საშუალებების ამ საკითხების დიდი დოზით გაშუქება არ არის სწორი, რადგან ძალადობის და თვითმკვლელობის რომანტიზებას იწვევს. ჩვენი, უფროსების მოვალეობაა ბავშვებს, მოზარდებს ვასწავლოთ ძალადობის გარდა სხვა ალტერნატიული ქცევის მოდელები, მაშინ, როდესაც ბრაზდება, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. უნდა დავეხმაროთ პრობლემის მოგვარების უნარების გამომუშავებასა და ბრაზის მართვაში. ამ ყველაფერზე მუშობა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ.

ნესბიერმიერ ქცევას აქვს წინაპირობა, არ მგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ოჯახში ან მხოლოდ სკოლაშია, პრობლემა კომპლექსურია და ყველა რგოლს თავის როლი აქვს: სოციალური გარემო, მოზარდის ფსიქოტიპი, ოჯახი, და სკოლა ეს ყველა მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანია და თანაბარი როლი აკისრია მოზარდის ჯანსაღად განვითარებაში.

აუცილებელია მოზარდმა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის ნებისმიერ ქცევას. ეს თუ არ ეცოდინება, და დაინახავს რომ ანალოგიური ქცევები დაუსჯელი დარჩა, ნორმად მიიჩნევს და იმავეს გაიმეორებს, რაც დაუშვებელია. შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ძალადობა, “ძველ ბიჭური” მენტალიტეტი მოდაშია, ასეთი ტენდენცია შეინიშნება, რაღაცნაირად წინ წამოიწია ამ საკითხმა.”

თამარ იჩუკაიძის თქმით, ისედაც კრიტიკულ ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

“ძალადობის სრულად აღკვეთა შეუძლებელია, ბავშვები მეტი სიყვარულით, ყურადრებით უნდა გვარზადოთ, არ უნდა არსებობდეს მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემა. ბავშვებს ხომ ვეუბნებით რომ ვთქვათ ძალადობა ცუდია, მაგრამ არ ვეუნებით როგორ მოიქცნენ, როდესაც გაბრაზდებიან, ეწყინებათ, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ.

ვფიქრობ, თუ შვილებს მეგობრულად გავზრდით, თუ ეცოდინებათ, რომ მათი წუხილის გაზიარება შეგვიძლია, უპირობოდ მივიღებთ, მოვიპოვებთ ნდობას და ექნებათ განცდა, რომ რაც არ უნდა დააშავონ მივიღებს და სწორ გზაზე დვააყენებთ, ეს იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. არ უნდა გამოგვეპაროს ის პრობლემა, რომლის წინაშეც დგას მისი შვილი და თუ მივხვდებით და მერე უფრო მეტად ჩართულები ვიქნებით მოგვარების პროცეში, შევძლებთ ბევრ უსიამოვნებას ავარიდოთ.

სამწუხაროდ ჩვენ აგრესიულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდით, ორ მხარეს შორის ურთიერთობის გარკვევის დროს ხშრად წამყვანი აგრესიაა, სიძულვილის ენით საუბარი უკვე ნორმად იქცა, უფროსებმა თუ ვერ დაძლიეს ეს, რა უნდა ქნას მოზარდმა.”