LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 10 თვეში 772 პირი დააკავეს

305
Untitled design

ბოლო 10 თვის განმავლობაში, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის განმეორებით მართვის გამო ადმინისტრაციული წესით 772 პირი დააკავეს.

სტატისტიკურ მონაცემებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„გასულ წელს 116-ე მუხლში ცვლილებები შევიდა და ნოემბრიდან დღემდე, 772 პირის მიმართ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა. მინიმალური ვადა, რასაც სასამართლო იყენებს, არის 5-დღიანი პატიმრობა, სასამართლოები, საშუალოდ 10-დღიან პატიმრობას იყენებენ ხოლმე და ჩვენ მნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და მას გარკვეული პრევენციული ეფექტი აქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 1 წლით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მართვა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

შსს-ს ცნობით, ბოლო 3 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – რის გამო დაჯარიმდნენ ყველაზე ხშირად მძღოლები

შეგახსენებთ, სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება.

სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით:

◼ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს.

◼ პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პასუხისმგებლობა დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს.

აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის, სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

◼ იზრდება სანქცია არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.

◼ დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.

◼ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

◼ ​იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები