LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული, მოკლე თუ არგუმენტებს მოკლებული – ექსპერტები პრეზიდენტის გამოსვლას აფასებენ

მოკლე და უშინაარსო – ასეთი იყო ძირითადად პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების შეფასება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პრეზიდენტის გამოსვლა დაიწუნა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამაც. მოხსენებაში ვერ მოხვდა ის საკითხები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, ოპოზიციამ კი, მასში საკმარისი კრიტიკა ვერ დაინახა.

საგარეო პოლიტიკა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ქართული ჯარი, ბიზნესის და მედიის თავისუფლება, დემოკრატიის ხარისხი და საკონსტიტუციო ცვლილებები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პრეზიდენტმა თავის დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

განსხვავებული, შემაჯამებელი თუ არგუმენტებს მოკლებული

პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტის მოხსენება ზოგადი და მოკლე იყო. ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტს ორი არჩევანი ჰქონდა, გაეკეთებინა ზოგადი და მოკლე მიმოხილვა ან ყურადღება დაეთმო ყველა მნიშვნელოვანი საკითხისთვის და სიღრმისეულად ესაუბრა მასზე, რომელიც საკმაოდ ვრცელი იქნებოდა და ამისთვის პრეზიდენტს მინიმუმ 4-5 საათი დასჭირდებოდა.

„პრეზიდენტმა აირჩია პირველი ვარიანტი, ზოგადი მიმოხილვა გააკეთა 2012 წლიდან დღემდე და ზოგადი შეფასებები მისცა. თუ წავიდოდა სხვა მიმრთულებით, ეს იქნებოდა ძალიან ვრცელი მოხსენება, ასეთი თემების ანალიზისთვის მინიმუმ 4-5 საათი მაინც დასჭირდებოდა,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია არა ის თუ რა გზით წავიდოდა პრეზიდენტი, არამედ საკითხები, რომელზეც მან მოკლე მიმოხილვაში ისაუბრა.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირისგან საზოგადოება უფრო სიღრმისეულ ანალიზს ელოდა.

„როცა მთავარ თემებზე აკეთებდა აქცენტს, მე მგონია, რომ კონკრეტული მაგალითები, არგუმენტები და მონაცემები უნდა მოეყვანა ნათქვამის გასამყარებლად“, –  აღნიშნავს ჩიტაძე.

ის, რომ პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენება პარლამენტში განსხვავებული იყო, ამას მისი ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილიც ადასტურებს და ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ პრეზიდენტმა არა ერთი, არამედ რამდენიმე წლის შეჯამება წარმოგვიდგინა.

 

შესაძლო წინააღმდეგობები პრეზიდენტის მოხსენებაში

საკითხები, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მოკლედ, მაგრამ გარკვეუწილად იყო დასაბუთებული. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ზოგიერთ საკითხზე საუბრისას მხოლოდ ერთი ან ორი წინადადებით შემოიფარგლა.

სახელმწიფო აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს აღარ ეშინია სახელმწიფოსი, განსხვავებით, წინა წლებისგან – ამბობს პრეზიდენტი, თუმცა, ეს საკითხი მხოლოდ ორი წინადადებით ამოიწურა და პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებები განახორციელა სახელმწიფომ, რომელიც მის მიმართ მოქალაქეების განწყობაზე აისახა. ანგარიშში გიორგი მარგველაშვილი დემოკრატიის ხარისხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული სისტემა საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა. ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

„როდესაც საუბრობდა, რომ ძალადობას ბოლო მოეღო, აქაც საჭირო იყო არგუმენტები, რადგან ეს ეწინააღმდეგება Freedom house-ის ანგარიშს, იმიტომ რომ როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების დროს საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში მოიაზრება. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ძალადობა შეწყდა. რაში გამოიხატება ეს, რომ სახელმწიფო აღარ არის აგრესიული მოქალაქის მიმართ და მას სახელმწიფოსი აღარ ეშინია, როცა კამერების წინ ხალხს უსწორდებოდნენ ფიზიკურად, როცა “ნაციონალური მოძრაობის” 21 ოფისზე მიიტანეს შეტევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. ჰაერზე ბევრი რამის საუბარი შეიძლება, ასე საბჭოთა კავშირშიც ამბობდნენ, რომ ყველა თავისუფალია და ყველაფერი კარგადაა.

ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი არტისტული განცხადება, რადგან როცა დემოკრატია არაა, მოქალაქეს უნდა ეშინოდეს“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

სახელმწიფო რომ მოქალაქის მიმართ აგრესიული აღარ არის, ამაში პრეზიდენტს ეთანხმება ვახტანგ ძაბირაძე. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ დემოკრატიული სტრუქტურები საქართველოში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის ექსპერტი ამ ორ განცხადებაში წინააღმდეგობას ვერ ხედავს.

„კი, ნამდვილად არ არის აგრესიული, მაგრამ საქართველო ჰიბრიდული მართვის სახელმწიფოებს განეკუთვნება. ჩვენთან დემოკრატიული სტრუქტურები ბოლომდე ჩამოყალიბებული და დახვეწილი არ არის. პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქართველი ექსპერტების მიერ არ არის ნათქვამი და გაანალიზებული,“- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ნიკა ჩიტაძე პრეზიდენტის მოხსენებიდან კიდევ ერთ საკითხს გამოყოფს, რომელთან მიმართებაშიც მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები წინააღმდეგობრივი იყო.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, მაშინ კონკრეტულად უნდა დაესახელებინა პრეზიდენტს, რა კრიტერიუმებით არის ბიზნესი ქვეყანაში თავისუფალი. თავისივე განცხადებას ეწინააღმდეგებოდა, როცა აღნიშნა, რომ მასმედიის ზოგიერთი საშუალება ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან. მედია საშუალება არის კერძო სტრუქტურა და ბიზნეს სუბიექტს წარმოადგენს“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე კი აღნიშნავს, რომ მედიაზე საუბრისას, მიუხედავად იმისა, რომ ის ბიზნეს სექტორს წარმოადგენს, ძირითადად გამოხატვის თავისუფლება იგულისხმება.

„მედია არის ბიზნესი, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა საუბრობენ მედიაზე, იქ გულისხმობენ გამოხატვის თავისუფლებას და არა ფულის კეთებას. ბიზნესზე საუბრისას, არა თუ პრეზიდენტი, ზოგადად, არავინ მედიას არ გულისხმობს.

რაც შეეხება გამოხტავის თავისუფლებას, მან თქვა, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო, აღარ არის შევარდნა, მაგრამ არის სხვა მექანიზმები, ამაზე კი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოხსენებაში „დააკლდათ“

პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ნაწილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხებოდა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ძირითადად 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გარკვეული დოზით ამ საკითხებზე სამომავალო ხედვაც უნდა წარმოედგინა.

„ამ სფეროზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, კონკრეტულ პრიორიტეტებზე აშშ-სთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან მიმართებაში, რუსეთთან დაკავშირებული საკითხები, თუ როგორ უნდა მომწიფდეს ორი ისტორიული ტერიტორიის დეოკუპაცია, გარკვეულწილად საუბარი მომავლისკენაც უნდა იყოს წარმართული, თუ რა ხედვა გააჩნია პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს აღნიშნული მიმართულებებით. ეს აკლდა ცოტა მოხსენებას. თუნდაც, ეკონომიკური მიმართულებით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, მეწარმეობას უნდა დაუჭიროს მხარი, თუ სოციალურ დაცვას მოსახლეობის და რატომ“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რომელიც პრეზიდენტის მოხსენებას აკლდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავია. თუმცა, პოლიტიკის ექსპერტი აქვე იმასაც დასძენს, რომ მოხსენებას ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს და მომხსენებელთან განსხვავებული მოლოდინები აქვთ.

„საკითხი, რომელიც მის მოხსენებაში დამაკლდა და ირიბად იყო აღნიშნული, იყო დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე ყურადღების გამახვილება. ვისურვებდი, რომ უფრო მკაფიოდ ყოფილიყო ეს საკითხი გაჟღერებული“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტისგან თავადაც უფრო კრიტიკულ გამოსვლას ელოდა, თუმცა, დასძენს, რომ გიორგი მარგველაშვილი მოკლე დროში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

პრეზიდენტის მოხსენებიდან განსაკუთრებული კრიტიკა განათლების სფეროსთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის შემდეგ განათლების სფეროში არაფერი გაკეთებულა. ამ საკითხზე იდენტური პოზიცია აქვს ნიკა ჩიტაძეს. პოლიტიკის ექსპერტი იხსენებს, რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება და 21 პროგრამა დაფინანსდა.

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დატოვება

პრეზიდენტის მიერ პლენარული სხდომის დარბაზის დატოვება განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი კანონის დარღვევის მოთხოვნაშიც კი დაადანაშაულა, თუმცა, საკითხთან მიმართებით საექსეპრტო წრეებში ისეთი ერთსულოვანი მიდგომა არ არის, როგორც ეს პოლიტიკური სპექტრის შემთხვევაშია.

„დებატები უნდა გამართულიყო ალბათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, პრეზიდეტს უნდა მოესმინა როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებისთვის და მგონია, რომ დებატები უნდა შემდგარიყო“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად ვახტანგ ძაბირაძეს პარლამენტის კეთილი ნება ესახება, რომლითაც პრეზიდენტს რეპლიკების გაკეთების უფლებას მისცემდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილს სხვა ფორმატში სურდა სხდომის გამართვა, ამაზე წინასწარ უნდა ცოდნოდა პარლამენტს.

„შუა განხილვის დროს პროცედურის შეცვლა არ მიმაჩნია გამართლებულად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსავალი არ მოიძებნა, მგონია, რომ არ იყო მომგებიანი პარლამენტის დატოვება.

სწორია პრეზიდენტიც, როცა ამბობს, რომ რეგლამენტით არ იყო მისი ყოფნა პარლამენტში, მაგრამ რაც მან გააკეთა, ეს იყო დემარში. სხვანაირად, როცა გამოსვლა დაასრულა, უნდა დამშვიდობებოდა პარლამენტს და წამოსულიყო. ეს არ იყო მომგებიანი თავად პრეზიდენტისთვის“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რეგლამენტით კი, ეს პროცედურა ასე იყო გათვალისწინებული – პრეზიდენტს დეპუტატების მოსაზრებებზე პასუხი მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ შეეძლო.

ხმაურიანი სხდომის მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უკვე ტელედებატებს სთავაზობს. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთავაზებას „უღირსი და არასერიოზული“ უკვე უწოდეს.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები