LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმების ნაცვლად, პირობები მკაცრდება – რა იცვლება სავალდებულო ჯარში

2886
tavdacva

საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ – საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.

ინიციატივის მიხედვით, უნდა გამკაცრდეს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება, სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი.

კანონპროექტში გაწერილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.

„კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს რის შემდეგაც, შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობა, გასაწვევი პირის ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის შეცვლით ან 14 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ პირის გაშვილების შემთხვევაში. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველი ვეღარ გახდება სტუდენტის სტატუსის ქონა კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში. კანონპროექტით, ასევე, ხდება შესაბამისი ჩანაწერის ამოღება, რის შემდეგაც, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე და საქართველოში მცხოვრები/მომუშავე პირების მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის საკითხები ერთგვარად დარეგულირდება.

კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სავალდებულოა კანონით დადგენილი პირებისათვის. თუმცა, პრაქტიკული შემთხვევების გათვალისწინებით, ხშირად ხდება აღნიშნული ვალდებულების მოხდისათვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა. კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, დაწესდება პასუხისმგებლობას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხოლო, ჯარიმად განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარი. ზემოხსენებულ ქმედებებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ხოლო, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო,“ – ნათქვამია ინიციატივაში.

კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ამ კანონში იცვლება, გადავადების ვადებია – ახლებური მიდგომით, სავალდებულო სამსახურის გადავადება 18 თვის ნაცვლად 12 თვით განისაზღვრება. ამ უფლებით სარგებლობა პირს მხოლოდ ორჯერ შეეძლება.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახლებურად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ვადა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება შესაძლებელი იქნება 12 თვით. ხოლო, აღნიშნული უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება მხოლოდ ორჯერ. კანონპროექტის თანახმად, მცირდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი 18 თვიდან 12 თვემდე,“ – ნათქვამია კანონპროექტში.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში.

ამასთან, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება ფართო დისკუსიის საგანია. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის აუცილებელია პროფესიული ჯარის არსებობა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 27 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელთა მიღებას აღარ განახორციელებს. ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც ჯარში აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა. რაც შეეხება დანარჩენ 75%-ს, რომელსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს ჯარში, მათ ეს ცვლილება არ ეხებათ.

ამ ბრძანების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უქმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ამ აზრის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში – შესაბამისად ჯარისგან თავის არიდების ახალი ხერხი მოიფიქრა “გირჩმა”, რომელმაც რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” დააარსა. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა. 

გარდა ამ გამონაკლისისა, დღეისთვის, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. ამდენად, სამხედრო ვალდებულების გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები